ათენა

ათენა

ათენა (ბერძნ. Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη), საბერძნეთის ერთ–ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტო, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა არეოპაგი. ათენა არის ატიკის და ქალაქ ათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.

მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება ზევსის თავიდან. ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტიდა, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.

ზოგი მითის მიხედვით ათენა ოკეანოსის ქალიშვილია. ჰომეროსის მიხედვით იგი ზევსის სატრფოა. ათენა მონაწილეობდა "გიგანტომახიაში". შემდეგში ათენას პალანტას კულტი შეერწყა, რამაც ალბათ განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალადა. ტროას ომში ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ პარისმა ოქროს ვაშლი აფროდიტეს არგუნა. ათენა მფარველობს არგონავტებს, იგი გამოსახული იყო "არგოს" კიჩოზე.

პერსევსი ათენას დახმარებით იმარჯვებს გორგონა–მედუზაზე და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არის ჰერაკლეს მარადიული მფარველი. იგი ითვლება აგრეთვე მუსიკის მფარველად. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი გავრცელებული იყო საბერძნეთის ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი განლაგებული იყო ათენში (პართენონი). პართენონში იდგა ფიდიასის მიერ შექმნილი ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ ზის მისი წმინდა ფრინველი – ბუ. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი სიბრძნის სიმბოლოა). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ ქალღმერთ მინერვასთან.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html