ბატონები, ბავშვთა გადამდებ ავადმყოფობათა (წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა, ყივანახველი) საერთო ხალხური სახელწოდება. ქართველთა ძვ. რელიგიური შეხედულებით, ამ სნეულებას იწვევდნენ ანთროპომორფული სახის პატარა ზებუნებრივი არსებები ე. წ. ბატონები, ანგელოზები, დაავადებებსაც შესაბამისად ყვავილ-ბატონები, წითელა-ბატონები, ხველა-ბატონები და ა. შ. ეწოდებოდა. მორწმუნეთა წარმოდგენით, ბატონები ამა თუ იმ სოფელში მობრძანდებოდნენ და რომელ ოჯახსაც ეწვეოდნენ, იქ ავადმყოფობა ჩნდებოდა; სწამდათ, რომ მათ მუსიკა, ცეკვა, ყვავილები, ტკბილეულობა უყვარდათ და, თუ სურვილს აუსრულებდნენ, დაავადებაც იოლად გაივლიდა. ამიტომ ავადმყოფის პატრონები ბატონების გასამხიარულებლად მართავდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ე. წ. "ბატონების ხეს" , დგამდნენ ტკბილეულით გაწყობილ ტაბლას, უკრავდნენ ფანდურზე , მღეროდნენ ბატონების საგალობელს "ბატონებო", ცეკვავდნენ და გარკვეულ აღკვეთებს იცავდნენ. ბატონები, ქართველთა უძველესი ნაყოფიერების ღვთაება, დიდი დედა ნანას შვილებად მიაჩნდათ და მსგავსად "დობილებისა" "ნაწილიან ღვთაებებად" ითვლებოდნენ.