ბოსელი (ღვთაება)

 ბოსელი, ბოსლა, ბოსლე (სვან. ბოსლო ||ოსლო, ბამბღუ, ბეიმღუ, ბომბღა||ბობღა), ნაყოფიერებისა და გამრავლების წარმართული ღვთაება ძველ საქართველოში. მისი კულტი ასახულია ბოსლობის დღეობაში. ბოსელის უმთავრეს ფუნქციას შეადგენდა საქონლის გამრავლება და მფარველობა. ამიტომ მას "საქონლის ბატონის" და "საქონლის ანგელოზის" (უფრო ადრე სავარაუდოა "საქონლის პატრონი", "საქონლის უფალი") ეპითეტებითაც მოიხსენიებდნენ. ბოსელი თავდაპირველად ცხოველური სახის არსებად, კეროდ, ხარად უნდა ჰყოლოდათ წარმოდგენილი, ქართველი ხალხის ასტრალური რელიგიის მაღალ საფეხურზე, რომელიც განვითარებულია მიწათმოქმედებისა და სათანადო სოციალური წყობილების ზედნაშენს წარმოადგენს, ბოსელი სამიწათმოქმედო მეურნეობას დაუკავშირდა, ასტრალურ ღვთაებათა წრეში მოექცა და ანთროპომორფული სახე მიიღო. ამ საფეხურზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა ღვთაების ფუნქციები და მისი მსახურების ფორმები, რაც ახალწლის ციკლის დღეობებში უფრო მრავალფეროვნად გამოვლინდა. დროთა ვითარებაში ღვთაება ბოსელი გარდაიქმნა "დიდ ღმერთად" (სვან. ხოშა ღერბეთ, ფუსნაბუასდია), რომლის კულტი ხარისა და მზის კულტების შერწყმის ნიადაგზე ჩამოყალიბდა ასტრალური სარწმუნოების განვითარების გვიანდელ საფეხურზე. დროთა განმავლობაში ქრისტიანობის ზეგავლენით ბასილის (ბასილას) თანაზიარი გახდა და ასე იხსენიებოდა ქართულ საახალწლო რიტუალებში.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html