წყარიშდიდა

 წყარიშდიდა (მთქმელი ნ. სიგუა, ) წყარიშდიდა (წყარიშმაფა) ცხოვრობს ღელეში, ჭონჭყო ადგილებში, ტეხურში ის არ ცხოვრობს. ნახევარი (ქვევითა ნაწილი) თევზის ფორმისაა, ნახევარი (ზედა ნაწილი) ქალისა. წყარიშმაფამ თუ წინ გაგიარა და შენ მისი ნაკვალევი გადაკვეთე. უსათუოდ უჟმური შეგეყრება. ტყაშმაფა ქალია და ტყეში ცხოვრობს. წყარიშმაფა წყალში ცხოვრობს და უფრო თევზსა და ბაყაყს ჰგავს. ადამიანს ავადმყოფობას შეყრის ხოლმე

 წყარიშმაფას მოჭრილი თმა (მთქმელი ჟ. ბოკუჩავა, სოფ. ლესიჭინე) ერთ ბიჭს უნახავს წყარიშმაფა. წყარიშმაფას სახელი დაუძახია - ხუტუ, ხუტუო! ამ ბიჭს მათრახი მოუქნევია წყარიშმაფასთვის . მას კივილი დაუწყია და ამ ბიჭის ოჯახი დაუწყევლია: "სახლში არც ერთი ცოცხალი არ დაგხვედროდესო." მართლაც ყველა ამოწყვეტილა. წყარიშმაფა ერთ ღამეს განუწყვეტლივ კიოდა თურმე. ამ ბიჭს გაუგონია კივილი და მისულა. წყარიშმაფას უთქვამს: "სავარცხელი მომაძებნინეო." ამ ბიჭს უთქვამს: შენ რატომ დაწყევლე ჩემებიო და მაკრატლით თმა მოუჭრია და ცეცხლში დაუწვავს. წყარიშმაფას ძალა დაუკარგავს და ჩვეულებრივ ქალად ქცეულა.

 წყლის დედა კივილით გაურბის დადევნებულ მგლებს (მთქმელი გ. ქობალია, გალის რაიონი) იტყოდნენ: წყალში ცხოვრობს (ზის) წყლის დედაო. იგი წინათ უნახავთ საკუთარი თვალით ერთ ღამეს, ქურდი კაცი მიდიოდა გზაზე და ნაქურდალ საქონელს მოდენიდა. გზა წყლის პირს მიჰყვებოდა. უცბად საშინელი კივილი შემოესმა. იფიქრა, ალბათ ქალიშვილი მოიტაცა ვიღაცამ და ის ქალია, რომ კივისო (მიჰკივისო). შეშინდა ქურდი და ტყის სიღრმეში შევიდა. ისევ გაისმა კივილი. ახლა უფრო ახლოს ისმოდა კივილის ხმა. დაინტერესდა ეს კაცი. ნახა, რომ წყალს მოაპობს წყლის დედოფალი (წყარიშმაფა), აქეთ-იქით ნაპირზე მგლები მისდევენ.ახლოს რომ მივიდა, ნახა, რომ ქალს არაფერი აცვია, ძალიან თეთრი ტანი და გრძელი თეთრი თმა აქვს. ამ თმით მთელი ტანი აქვს დაფარული. მდინარის ნაპირთან ყოფილა ღრმა დინება, ჩასაყვინთი მორევი. აქ რომ მისულა ეს ქალი, უცბათ გამქრალა, დაკარგულა. ალბათ, მგლებს გაექცა, თავის სამყოფში მიიტანა თავი.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html