გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილი

  გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი (დ. 4 ივლისი1934თბილისი – გ. 23 აგვისტო1960გაგრა), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

  გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: "შემოდგომა ბაბუა კოტესი", "სათაგური", "სიყვარული მარტის თვეში", "ნელი ტანგო", "თვირთვილა", "უსახელო უფლისციხელი" და "სიკვდილი მთაში". მოთხრობათა პირველი კრებული "სალამურა" მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მას შესანიშნავი წიგნები უძღვნა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა: „მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ“ და „აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ“. მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები – "ალავერდობა”, "უსახელო უფლისციხელი”. გურამის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით და თვით ლაკონურობითაც. გურამ რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც, აკი შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას... იგი 1960 წ. 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. გურამ რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html