ეგნატე ნინოშვილი

ეგნატე ნინოშვილი

  ეგნატე ნინოშვილი (ნამდვილი სახელი ეგნატე თომას ძე ინგოროყვა), (დ. 17 თებერვალი, 1859, სოფელი ყელა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ― გ. 12 მაისი, 1894, სოფ. ჩიქვეთი, ახლანდელი სოფ. არჩეულილანჩხუთის მუნიციპალიტეტი), XIX საუკუნის ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

განათლება

  ეგნატეს მამა, თომა, საბატონო ყმა იყო. გლეხთა წრიდან იყო გამოსული ეგნატეს დედაც - ნინო ბარამიძე. თომა ინგოროყვას ოჯახში ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. მას დედა ოთხი თუ ხუთი თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა მამიდამ, ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს. მან შეასწავლა 7- 8 წლის ეგნატეს ანბანი.

  1870 წელს ეგნატე ერთ მღვდელს მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ იგი გაგზავნეს ფოთში, იმავე მღვდლის ძმისწულთან, ხე-ტყით მოვაჭრე აზნაურთან, რომელმაც ეგნატე მოსამსახურედ გაიხადა და სამზარეულოში ჩაკეტა. აქ ბავშვი სავსებით მოწყდა სწავლას. მალე იგი ბიძამისმა ალექსი ინგოროყვამ შინ წაიყვანა.

  1871-1875 წლებში ეგნატე მშობლიურ სოფელშია და სწავლობს სოფლის სკოლაში. სიღარიბის გამო დროგამოშვებით იძულებულია სკოლას მოწყდეს და მწყემსობას მიჰყოს ხელი, მაგრამ დამოუკიდებელ სწავლას მაინც არ ანებებს თავს. იგი ემზადება ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად, რასაც 1876 წლის თებერვალში ახერხებს კიდეც.

  სასულიერო სასწავლებელში ეგნატე მოსამზადებელი კლასის მეორე განყოფილებაში მიიღეს. ერთ თვეში იგი მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო წლის ბოლოს, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მეორე კლასში ჩარიცხეს.

  სასწავლებლის ზედამხედველი იყო თვითმპყრობელურ-ბიუროკრატიული რეჟიმის ერთგული მსახური დეკანოზი სვიმონ ქიქოძე. მან, პირადი ანგარების მიზნით, სასწავლებელი საკუთარ სახლში მოათავსა, რათა მოსწავლეთა მშობლებისაგან სასწავლებლის ბინის ქირა აეღო. დეკანოზი მოსწავლეებს თავის საკუთარ ბაღში მუქთად ამუშავებდა, ეს გარემოება უკმაყოფილებას იწვევდა მოსწავლეებში, რომლებიიც რამდენადმე მაინც იცნობდნენ 70-იანი წლების რუსულ ნაროდნიკულ მოძრაობას და პარიზის კომუნის ამბებს.

  იმ ხანებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში თბილისიდან ინსპექტორად მიავლინეს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მასწავლებელი ივანე ლიაძე. იგი სემინარიელი ახალგაზრდების იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელიც გატაცებული იყო რუსული პროგრესული ლიტერატურით. ლიაძე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ დროებაში. ახალგაზრდა ინსპექტორმა მალე აუღო ალღო სასწავლებელში შექმნილ მძიმე მდგომარეობას და სცადა მისი გამოსწორება. მან ამხილა დეკანოზ ქიქოძის თვითნებობა და მოსწავლეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. დეკანოზმა შეძლო მოსწავლეთა მფარველი მასწავლებლის თავიდან მოცილება. ლიაძის მოხსნამ მოსწავლეთა უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი გაიფიცნენ და ერთ დღეს სკოლაში სრულიად არ გამოცხადდნენ; გაფიცვის მიზანი იყო საყვარელი მასწავლებლის უკანვე დაბრუნება და სწავლის პირობების გაუმჯობესება. სასწავლებლის ადამინისტრაციამ გაფიცვის ერთ-ერთი ინიციატორი, III კლასის მოსწავლე ეგნატე ინგოროყვა, 1878 წლის სექტემბერში სასწავლებლიდან «მგლის ბილეთით» გარიცხა.

  ამის შემდეგ იწყება ახალგაზრდა ეგნატეს დაუცხრომელი ბრძოლა ცხოვრების დამოუკიდებელი გზის გაკაფვისათვის, საარსებო საშუალებათა გამონახვისათვის, სწავლა-განათლების მიღებისათვის. ეგნატემ რამდენჯერმე სცადა სასწავლებელში დაბრუნება, მაგრამ ამაოდ. იგი იმედს მაინც არ კარგავს: 1878 წლის შემოდგომას და ზამთარს ოზურგეთში ატარებს მეგობარ შეგირდებთან, სილიბისტრო ჯიბლაძესთან და სხვებთან ერთად, კლასგარეშედ მეცადინეობს და საექსტერნო გამოცდებისათვის ემზადება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ეგნატე იღებს მასწავლებლის მოწმობას და 1879 წელს ინიშნება ჩოჩხათის სკოლის მასწავლებლად.

მუშაობა

  მასწავლებლად ეგნატე ნინოშვილმა 1882 წლამდე იმუშავა. მისთვის აუტანელი ხდებოდა სოფელში მუშაობა. უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება და ამავე დროს, ცოდნის გაღრმავებისათვის ქალაქში წასვლის სურვილი აიძულებს მას, თავი დაანებოს მასწავლებლობას და მუშაობა დაიწყოს ბათუმის რკინიგზაში. 1882 - 1883 წლებში იგი ტელეგრაფისტად მუშაობს სადგურ სუფსაში, ხოლო 1884 წლის ზამთარში, ზაქარია ჭიჭინაძის დახმარებით, თბილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში იწყებს მუშაობას ასოთამწყობად. ხელფასი აქაც იმდენად მცირე აქვს, რომ სასმელ-საჭმელზეც არა ყოფნის. მალე თავს ანებებს ამ სამუშაოსაც და კვლავ გურიაში მიემგზავრება. 1885 წელს სოფლად ატარებს. წუხს, რომ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები მისთვის ხელმიუწვდომელია. 1886 წელს იგი მუშაობას იწყებს სოფლის სასამართლოში მწერლის თანამდებობაზე, ხოლო ექვსი თვის მუშაობის შემდეგ, იმავე წელს, ამხანაგების ფულადი დახმარებით მიემგზავრება საფრანგეთში, ქ. მონპელიეში.

საფრანგეთში ცხოვრების დროს ეგნატეს ისე გაჭირვებია, რომ მისი ერთ-ერთი ბიოგრაფის ცნობით, ქუჩის დამგველადაც კი უმუშავია. მონპელიეში ეგნატე 1887 წ. მარტამდე დარჩენილა, შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნებულა. საზღვარგარეთიდან ჩამოსული ეგნატე ერთი თვის შემდეგ თავად გრიგოლ გურიელთან იწყებს მუშაობას, ეცნობა მის მდიდარ ბიბლიოთეკას, ხარბად ეწაფება წიგნებს, ამ დროს იგი თანამშრომლობს ივერიაში, ბეჭდავს ფელეტონებსა და წერილებს.

  1888 წლის ნოემბერში ეგნატე კვლავ თავის სახლშია, უმუშევარი.ამ დროს იწყება ეგნატე ნინოშვილის შემოქმედების ყველაზე ინტენსიური პერიოდი. იგი მუშაობს ისტორიულ რომანზე - ჯანყი გურიაში, რომელიც, ავტორის ცნობით,1889 წ. მაისის დასასრულამდე იწერებოდა.

  1889 წ. ოქტომბერში ეგნატე კვლავ მიდის სამუშაოს საძებრად ბათუმში და ათი დღის განმავლობაში ნავსადგურში მუშაობს დღეში ათ შაურად. 1889 წ. ოქტომბრის დამლევიდან 1890 წლამდე იგი როტშილდის ქარხანაშია, კვლავ მძიმე სამუშაოზე, მტვირთავ მუშად.

  1891 წელს ეგნატე შედის «საფილოქსერო დასში», რომელიც კავკასიის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდა. დასთან ერთად შემოიარა მან ჩრდილოეთ კავკასია. ამ მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები უდევს საფუძვლად მის წერილებს დაღესტნიდან. იმავე წლის ოქტომბრის დამლევს ეგნატე თავს ანებებს «საფილოქსერო დასს», მის ხელმძღვანელ ტიმოფეევთან უთანხმოების გამო.

  1892 წლის დასაწყისს ეკუთვნის ეგნატეს სევდიანი რომანი ნადასი კალანადაძესთან, რომელიც მას სოფელ ხიდისთავში, მეგობრის ოჯახში საახალწლოდ სტუმრად მისულს, გაუცვნია. გარეგნულად მომხიბვლელს, განათლებულს, ბუნებით კეთილსა და თავაზიან ქალიშვილს იმდენად დაუპყრია ეგნატეს გული, რომ მისთვის ჩვეული წონასწორობა დაუკარგვინებია. ეგნატეს ნადასისათვის მიუწერია ბარათი, რომლითაც სიყვარულში თანაგრძნობა უთხოვია. მაგრამ ქალს პირობა სხვისთვის ჰქონია მიცემული. თუ რა დიდი სულიერი ტრავმა განიცადა ეგნატემ თავის პირველი და უკანასკნელი სიყვარულის გაცრუებით, ჩანს მის მიერ ნადასისადმი გაგზავნილ მეორე ბარათში, რომელიც ავტორის თხოვნის საწინააღმდეგოდ, ქალს არ დაუხევია, ფაქიზად შეუნახავს და მწერლის სიკვდილის შემდეგ მისი ბიოგრაფის, პ. გელეიშვილისათვის, გადაუცია. აღნიშნულ წერილში ეგნატე, ერთი შეხედვით თითქოს კმაყოფილიცაა იმით, რომ მისთვის საყვარელ ადამიანს ასცდა მისი ტანჯული ცხოვრების თანამოზიარობის მძიმე ხვედრი, მაგრამ წერილში ჩაქსოვილი ღრმა სევდა გვაგრძნობინებს ეგნატეს დიდ გულისტკივილსა და განცდას, რომ იგი ამქვეყნად ბედნიერებისათვის არ დაბადებულა.

ცხოვრების უკანასკნელი წლები

  1892 წლის დასაწყისში იგი ბათუმშია, ნავთის ქარხანაში, უფროს მუშად. მალე, იმავე წლის გაზაფხულზე, მუშაობას იწყებს გომში, ნ. ღოღობერიძის კანტორის განყოფილებაში, სადაც რჩება აგვისტომდე. ამ დროს ის თავს ანებებს გომის კანტორაში მუშაობას და თავის სოფელში მიემგზავრება, სადაც სექტემბრის ბოლომდე რჩება. 1 ნოემბერს იგი თბილისში ჩადის და მცირე ხნითზაქარია ჭიჭინაძის ბინაში ცხოვრობს.

  1890 წელს ეგნატე ყვირილაში (ზესტაფონი) მუშაობს ნ. ღოღობერიძის შავი ქვის კანტორაში მძიმე და მომქანცველ სამუშაოზე. ეგნატე ჭლექით დაავადდება. 1890-1891 წლებში შექმნა ,,სიმონა“, ,,უცნაური სენი“, ,,პალიასტომის ტბა“, ,,არშიყნი“, ,,ქრისტინე“. ამავე პერიოდში ეგნატე აქტიურად მონაწილეობს რევოლუციურ მოძრაობაში.

  1892 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიციატივით ყვირილაში მოეწყო კონფერენცია, ხოლო მოგვიანებით ახალგაზრდობის არალეგალური კრებები. იგი გადაჭრით ებრძოდა ნაროდნიკობას, თუმცა, თავდაპირველად, განიცდიდა მის გავლენას. ნინოშვილი ამ პერიოდში რევოლუციურად განწყობილი ინტელიგენციის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო.

  1893 წლის იანვრიდან აპრილამდე ეგნატე ცხოვრობს ბინაში, რომელიც მას, ჭლექისაგან ძალზე დასუსტებულს, მისმა მეგობრებმა დაუქირავეს. სწავლობს გერმანულ ენას, ამთავრებს მოთხრობას პარტახი და იწყებს ჩვენი ქვეყნის რაინდის გადამუშავებას. ჩქარობს, თითქოს წინასწარ გრძნობს სიცოცხლის დასასრულის მოახლოებას, თბილისიდან ბათუმს მიემგზვრება, ხოლო შემდეგ ისევ თავის სოფელშია, სადაც სენმა საბოლოოდ მიაჯაჭვა იგი სარეცელს.

  ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში. მწერლის დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. აკაკი წერეთელმა ეგნატე ნინოშვილს ”მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალი” უწოდა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html