ეჟენ იონესკო

ეჟენ იონესკო

  ეჟენ იონესკო (Eugène Ionesco, დ. 26 ნოემბერი, 1909, სტალინა, რუმინეთი — გ. 28 მარტი, 1994, პარიზი), წარმოშობით რუმინელი, ფრანგი დრამატურგი და მწერალი. 1970 წლიდან საფრანგეთის აკადემიის წევრი. აბსურდის დრამის წარმომადგენელი.

 

ბიოგრაფია

  ეჟენ იონესკოს მამა, რუმინელი იურისტი, სამეფო ადმინისტრაციაში მუშაობდა. დედა კი წარმოშობით ფრანგი, რუმინეთში მცხოვრები ოჯახიდან იყო. 1911 წელს ახლადშექმნილი ოჯახი პარიზში გადადის საცხოვრებლად, სადაც მამას დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი. 1916 წელს, როცა რუმინეთი გერმანიასა და ავსტრიასომს უცხადებს, მამა სამშობლოში ბრუნდება და მალე ყოველგვარ კავშირს სწყვეტს საფრანგეთში დარჩენილ ოჯახთან.

  უსახსროდ დარჩენილი დედა იძულებული ხდება ორი მცირეწლოვანი შვილი ბავშვთა სახლში მიიყვანოს. 1917 წელს ეჟენსა და მის დაზე მზრუნველობას ლავალის მახლობელ სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი იღებს. აქ გატარებული დრო მომავალი მწერლის მეხსიერებაში ყველაზე ბედნიერ წლებად დარჩება.

  1922 წელს და-ძმა ბუქარესტში მამასთან ბრუნდება. აქ ისინი რუმინულ ენას ეუფლებიან. მამა შვილებზე მეურვეობას იღებს, მაგრამ დედინაცვალს, რომელიც თავად უშვილო აღმოჩნდა, სძულს გერები. 1926 წელს ეჟენს კონფლიქტი მოსდის მამასთან, რომელიც ვერ ეგუება შვილის ლიტერატურით გატაცებას. თავის მხრივ ეჟენისთვის ძნელი ასატანია მამის მკაცრი და ტირანული ხასიათი. ასეთი ხასიათის გამო უფროსი იონესკო ჯერ ნაცისტური, შემდეგ კი კომუნისტური პარტიის წევრი იყო.

  ეჟენისთვის მამასთან ყოფნა აუტანელი ხდება და დედასთან ბრუნდება. ეს უკანასკნელი ამ დროისთვის უკვე რუმინეთშია ჩამოსული და შესაფერისი სამუშაოც აქვს ნაშოვნი რუმინეთის სახელმწიფო ბანკში. 1928 წელს ეჟენი ფრანგული ენის სწავლას იწყებს ბუქარესტში და ამავე დროს იცნობს თავის მომავალ მეუღლეს, ფილოსოფიისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტს. პარალელურად იონესკო რუმინულ ენაზე წერს ლექსებსრომანებს და ლიტერატურულ კრიტიკას. 1934 წლიდან, სწავლის დამთავრების შემდეგ იგი ფრანგულ ენას ასწავლის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. 1936 წელს იონესკო ცოლს ირთავს.

 1938 წელს მომავალი დრამატურგი სტიპენდიას იღებს და პრაქტიკის ასამაღლებლად მიემგზავრება საფრანგეთში. ორი წლის შემდეგ კი,ბლიცკრიგთან საფრანგეთის მარცხის გამო იძულებულია ისევ სამშობლოში დაბრუნდეს. მას შემდეგ, რაც რუმინეთი გერმანიასთანხელშეკრულებას დებს და რუსეთის წინააღმდეგ ომს იწყებს, დრამატურგი ისევ საფრანგეთში მიდის, ამჯერად სამუდამოდ. მეუღლესთან ერთად იგი ჯერ მარსელში, შემდეგ კი პარიზში სახლდება. 1944 წელს იბადება მათი ერთადერთი ქალიშვილი, მარი-ფრანსი. ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს, იონესკო იძულებულია კორექტორად იმუშაოს ერთ-ერთ იურიდიულ გამომცემლობაში. იგი ამ სამუშაოზე რჩება 1955 წლამდე.

  1948 წლიდან პიესით მელოტი მომღერალი ქალი, იწყება იონესკოს, როგორც დრამატურგის კარიერის აღმასვლა. 1950 წელს პიესას სცენაზე დგამენ და კრიტიკოსთა ყურადღებასაც იპყრობს. ამავე წელს იონესკო საფრანგეთის მოქალაქეობას იღებს. მომდევნო წლებში იგი წერს პიესებს გაკვეთილი და ჟაკი ანუ მორჩილება, რითაც მას საბოლოოდ აღიარებენ როგორც აბსურდის დრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს.

  1953 წელს გამოდის იონესკოს პიესების პირველი კრებული. ორი წლის შემდეგ მისი პიესები პირველად იდგმება საზღვარგარეთ. 1957 წელს იწერება მარტორქა, ნოველა, რომელშიც ავტორი შოვინისტური პატრიოტიზმისა და რასიზმის გავრცელების წინააღმდეგ გამოდის და რაც სიმბოლურად ალჟირის ბრძოლებს უკავშირდება. ერთი წლის შემდეგ ნოველა პიესად გადაკეთდება. რამდენადაც პიესა საფრანგეთისთვის ძალზე დელიკატურ საკითხს ეხება მისი პირველი წარმოდგენა დიუსელდოლფში ხდება, 1959 წელს. გერმანელი მაყურებელი მასში ნაციზმის კრიტიკას ხედავს, ამასვე დაინახავენ ფრანგებიც, როცა მარტორქა 1960 წელს პარიზში იქნება დადგმული. ამგვარი ინტერპრეტაცია ავტორს საფრთხეს თავიდან აშორებს. 1964 წელს მარტორქა ავტორის სამშობლოშიც იდგმება. ეს იონესკოს რუმინეთში დადგმული პირველი ნაწარმოებია.

  1970 წელს უკვე აღიარებული დრამატურგს საფრანგეთის აკადემიის წევრად ირჩევენ. სიცოცხლის ბოლოს იგი რომანულ ჟანრშიც სცდის ბედს და 1973 წელს წერს რომანს მარტოსული. 80-იან და 90-იან წლებში იონესკოს ჯანმრთელობა საგრძნობლად ირყევა და დეპრესიას იწვევს. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ საბრძოლველად დრამატურგი ხატვას იწყებს.

  ეჟენ იონესკო გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. იგი მონპარნასის სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ დროისთვის იგი უკვე აღიარებული იყო როგორც ერთ-ერთი უდიდესი დრამატურგი და აბსურდის დრამის უგვირგვინო მეფე.

შემოქმედება

  ეჟენ იონესკო თავის ნაწარმოებებს თავადვე უწოდებს ანტი-პიესებს და აძლევს მათ ტონალობის განმსაზღვრელ ისეთ სათაურებს, როგორიცაა: კომიკური დრამა (გაკვეთილი), ტრაგიკული ფარსი (სკამები), ფსევდო დრამა (მოვალეობის მსხვერპლი). მისი პიესების ძირითადი თემაა მეტყველების კომუნიკაციური ფუნქციის უქონლობა. სცენაზე სიტყვების ადგილს ხშირად საგნები იკავებს: მაგ.სკამებში გაცოცხლებული და ამოძრავებულია სკამები. ესაა ერთგვარი მოძრავი არქიტექტურა, სკამები თავბრუდამხვევი სისწრაფით შემოდის სცენაზე, მაგრამ მოძრაობა აქ ნიშანია არა სიცოცხლისა, არამედ სიკვდილის. სცენა იფარება ცარიელი სკამებით და ისინი თელავენ ადამიანებს, რომლებიც არსებობის აბსურდულობით წელში მოხრილნი არიან. ამ არარაობას აძლიერებს მეტყველების კრიზისი. იონესკო ანგრევს მეტყველებას და მასთან ერთად იმ სიყალბეს, რასაც იგი გადმოსცემს. სიტყვები წმინდად ფონეტიკური ასოციაციებით უერთდება ერთმანეთს. სიტყვა, რომელიც უვარგისი გახდა, გაქრა და ადგილი დაუთმო სიჩუმეს. ამდენად ადამიანის ყოფაც განწირულია ამ სიჩუმის, სიმარტოვისა და სიცარიელისათვის. მეტყველების კრიზისის, ადამიანის მარტოობის, ცხოვრების აბსურდულობის თემაა იონესკოს თითქმის ყველა პიესაში.

  გარდატეხა ხდება მარტორქაში. აქ უკვე დრამატულ მეტყველებას გარკვეული აზრი აქვს მიცემული. ეს უკვე აღარაა უაზრობის თეატრიდა პირველი შემთხვევაა, როცა იონესკო აღარ აძლევს ქვესათაურს, ე.ი. ანტიპიესიდან პიესაზე გადადის. ამ პიესის დაწერამდე 2 წლით ადრე იონესკო აცხადებს, რომ სურს არა ანტითეატრის, არამედ თეატრის შექმნა, რომ ახლა უკვე მიაგნო თეატრისთვის საჭირო სქემას და რომ საბოლოოდ კლასიკური თეატრის მომხრეა. მისი აზრით ავანგარდის მოწოდებაც სწორედ ამაშია: აღმოაჩინო არქეტიპები, განაახლო გამომსახველობითი ფორმები. "ყოველი ჭეშმარიტი ნაწარმოები კლასიკურია" — აცხადებს იგი.

ნაწარმოებები


 
პიესები
  • მელოტი მომღერალი ქალი, 1950
  • მისალმებები, 1950
  • გაკვეთილი, 1951
  • სკამები, 1952
  • მასწავლებელი, 1953
  • მოვალეობის მსხვერპლნი, 1953
  • გასათხოვარი ქალიშვილი, 1953
  • ამედეა ანუ როგორ დავაღწიოთ თავი, 1954
  • ჟაკი ანუ მორჩილება, 1955
  • ახალი მდგმური, 1955
  • მომავალი კვერცხებშია, 1957
  • ოთხის სცენა, 1959
  • სიარულის სწავლა, 1960
  • მარტორქა, 1960
  • ორთა ბოდვა, 1962
  • მეფე კვდება, 1962
  • წყურვილი და შიმშილი, 1965
  • მაკბეტი, 1972
  • ჩემოდნებიანი კაცი, 1975
ესეები
  • მეტყველების ტრაგედია, 1958
  • თეატრის ექსპერიმენტი, 1958
  • ავანგარდის შესახებ, 1959
  • შენიშვნები და კონტრშენიშვნები, 1962
  • აღმოჩენები, 1969
  • ანტიდოტები, 1977
რომანები, ნოველები
  • ვალსი, 1956
  • მარტორქა, 1957
  • ჰაერში მოსიარულე, 1961
  • მარტოსული, 1973

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html