ლევან გოთუა

ლევან გოთუა

ბიოგრაფია

  ლევან პართენის ძე გოთუა (დ. 10 მარტი1905თბილისი ― გ. 30 იანვარი1973, იქვე), ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

  დაიბადა ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის პართენ გოთუას (1870-1937) ოჯახში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1941 წლიდან დაიწყო. გოთუას ჟანრული თვალსაზრისით მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული რომანი "გმირთა ვარამი" (1958-1962). მასში ასახულია საქართველოს ყოფა XVI-XVII საუკუნეებში, როცა დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში, რომელიც ინტერნაციონალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში. ისტორიული რომანი "მითრიდატე" (1971, წგნ. I), რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა, ეხება ქართველური ტომების ბრძოლას გაერთიანებისათვის I საუკუნეში. ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები"კრწანისის სევდა" (1944), "ხანძთის ზარი" (1945), "უგზო ქარავანი" (1945) და სხვა. მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი "ლეკვი ლომის" (1963), მოთხრობები "ნისლი ნახატარის ტყეში" (1959), "ფიქრები თოკის კიბეზე" (1960), "ფრესკის მეორე დაბადება" (1961) და სხვა. გოთუა ავტორია დრამებისა "მეფე ერეკლე" (1942), "უძლეველნი" (1943), "დავით აღმაშენებელი" (1945), "სამსახეობა რაინდისა" (1946), რომლებიც იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

  აღსანიშნავია, რომ ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. საბჭოთა რეჟიმის მიერ დაპატიმრებული იყო სამჯერ. თითქმის 20 წელი გაატარა გადასახლებაში.

ლიტერატურა

  • ვართაგავა ი., თანამედროვე ქართველი მწერლები, თბ., 1971;
  • ცისკარიძე ვ., ლ. გოთუას "გმირთა ვარამი", «თსუ შრომები» , 1965, ტ. 105;
  • ლევან გოთუა. ბიოგრაფიული ნარკვევი ს. ხუციშვილისა. ბიბლიოგრაფია, შედგ. კ. რამიშვილის და რ. მეგრელიძის მიერ, თბ., 1976;
  • ცისკარიძე ვ., ქსე, ტ. 3, გვ. 204, თბ., 1978


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html