მირზა ფათალი ახუნდოვი

მირზა ფათალი ახუნდოვი

  მირზა ფათალი ახუნდოვი (აზერბ. Mirzə Fətəli Axundov; დ. 30 ივნისი/12 ივლისი, 1812 ,შაქი, ახლანდელი ნუხა ― გ. 26 თებერვალი/10 მარტი, 1878, თბილისი), აზერბაიჯანელიმწერალი-განმანათლებელი, ფილოსოფოსი, აზერბაიჯანული დრამატურგიის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია

  მიღებული ჰქონდა ტრადიციული სპარსულ-არაბული განათლება. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ცნობილი პოეტი და მოაზროვნე მირზა შაფი ვაზეჰი, რომლის გავლენითაც ახუნდოვმა უკუაგდო ადრინდელი გადაწყვერილება სასულიერო პირი გამხდარიყო. 1834 წლიდან მუშაობდა თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში, აღმოსავლური ენების თარჯიმნად. ამასთან, თბილისის სამაზრო სასწავლებელში ასწავლიდა თურქულ და სპარსულ ენებს. თბილისში ახუნდოვი ეზიარა რევოლუციურ დემოკრატიულ იდეებს. ურთიერთობა ჰქონდა მისი დროის მოწინავე ადამიანებთან, მ. შ. კავკასიაში გადმოსახლებულ დეკაბრისტებთან. ლიტერატურული მოღვაწეობა 30-იან წლებში დაიწყო. წერდა ლექსებს, კრიტიკულ ნარკვევებს.

  მისი პირველი მნიშვნელოვანი მხატვრილი ნაწარმოები იყო ელეგიური კასიდა "პუშკლინის გარდაცვალებაზე" (1837). დაწერილი სპარსულად "საბუჰის" ფსევდონიმიოთ (ქართული თარგმანი ი. გრიშაშვილისა, 1938). 1850-1855 წლებში დაწერა ექვსი კომედია, რომლებითაც აზერბაიჯანულ ლიტერატურაში კრიტიკული რეალიზმს ჩაუყარა საფუძველი. ახუნდოვი ასახავდა ისლამის რელიგიის ფანატიზმით, ცრუმორწმუნეობითა და დრომოჭმული ტრადიციებით დაბეჩავებული ხალხის ცხოვრებას ("მოლა იბრაჰამ ხალილი", 1850; "ბოტანიკოსი მუსიე ჟორდანი", 1850; "ყაჩაღის დამჯაბნელი დათვი", 1851; "ლენქორანის ხანის ვეზირი", 1850; "ძუნწის თავგადასავალი" ("ჰაჯი ყარა"), 1852), . თავის უკანასკნელ კომედიაში "კანონის დამცველები ქალაქ თავრიზში" (1855) ახუნდოვმა მძაფრი სატირით ამხილა ირანის სასამართლო სისტემის სიყალბე. 60-იანი წლების რუსული ლიტერატურის კრიტიკამ მას "თათარი მოლიერი" უწოდა. "ლენქორანის ხანის ვეზირის" დადგმით (1873 წლის 10 მარტი/22 მარტი, ბაქო, აზერბაიჯანულ ენაზე) იწყება აზერბაიჯანული პროფესიული თეატრის ისტორია. ახუნდოვის კომედიები ცალკე წიგნად პირველად თბილისში გამოიცა: რუსულ ენაზე (თარგმანი ავტორისა) - 1853, აზერბაიჯანულად - 1859; სპარსულად გამოვიდა ირანში 1875 წელს. ახუნდოვის სატირულ მოთხრობაში "მოტყუებული ვარსკვლავები" (1857, ქართულად პირველად ითარგმნა 1934) ახალი აზერბაიჯანული მხატვრული პროზის საუკეთესო ნიმუშია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სპარსულ და აზერბაიჯანულ ენაზე დაწერილ ფილოსოფიურ ტრაქტატს "ქემალ-უდ დოვლეს წერილები" (1864-1875, პირველად გამოიცა ბაქოში 1924), რომელმაც ახუნდოვს დიდი პოპულარობა მოუხვეჭა მთელს აღმოსავლეთში.

  ახუნდოვის მოღვაწეობამ დიდი როლი შეასრულა აზერბაიჯანულ და ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. ქართულად ახუნდოვის კომედია ("ლენქორანის ხანის ვეზირი") პირველად თარგმნა ა. წერეთელმა "ხანის ვეზირის" სახელწოდებით (დაიბეჭდა 1898 წელს "კრებულში", № 7 და იმავე წელს წარმოადგინეს ქართულ სცენაზე).

  აღსანიშნავია, რომ გ. ორბელიანის აქტიური მეცადინეობით ახუნდოვი დაკრძალეს თბილისში, ახლანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ვინაიდან ქალაქის მუსლიმანთა მეთაურები წინ აღუდგნენ მის დაკრძალვას მუსლიმანთა სასაფლაოზე ან მის მახლობლად.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html