მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (დ. 8 ნოემბერი/20 ნოემბერი, 1880, სოფ. წერაქვი, მარნეულის რაიონი — გ. 30 სექტემბერი, 1937), XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, იყო თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921—1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. თანამედროვე ბრიტანელი რუსულისა და ქართულის ლიტარატურათმცოდნე დონალდ რეიფილდი ჯავახიშვილის თხრობის სტილს, იუმორს, ფარულ ირონიასა და მორალურ შემართებას სტენდალის, მოპასანისა და ზოლასთვისებებს ადარებს. მისი თქმით „თანამედროვე ქართულ პროზაში მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას შეეძლო მსგავსი საერთაშორისო აღიარების დონის მიღწევა“.
ადრეული ბიოგრაფია
მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა სოფელ წერაქვში, როგორც მიხეილ ადამაშვილი 1880 წლის 8 ნოემბერს. პირველი ნაწარმოებებზეც ამ სახელით აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯავახიშვილი მისი ფსევდონიმია. მის გვართან დაკავშირებული გაგუგებრობა შემდგომ თავად ჯავახიშვილმა განმარტა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.
სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.
1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). ჯავახიშვილის ადრინდელი,1903—1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები („ჩანჩურა“, „მეჩექმე გაბო“, „კურკას ქორწილი“) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.
ჯავახიშვილი რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში „ჯილდო“. ქართული ლიტერატურული კრიტიკა (გ. რცხილაძე, კიტა აბაშიძე და სხვა) დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთრხობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913-მდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.
შემოქმედების II პერიოდი
თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა „ტყის კაცით“ (1923) დაიწყო ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მან ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები და რომანები, რომლებშიც ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციების ერთგული დარჩა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მწერალი აქტიურ შემოქმედებითსა და საზოგადო ცხოვრებას ეწეოდა. მწერალს თანაბრად აინტერესებდა ადამიანის ზნეობა, მისი ყოფა ახალ ისტორიულ პირობებში, დამოკიდებულება რევოლუციასთან. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები „ლამბალო და ყაშა“, „ყბაჩამ დაიგვიანა", „მართალი აბდულაჰ“, „ორი განაჩენი“, „მიწის ყივილი“, „ხუთის ამბავი“ და სხვა.). მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული („კვაჭი კვაჭანტირაძე“, 1924), სოციალური („ჯაყოს ხიზნები“, 1925), სათავგადასავლო („გივი შადური“, 1928), ისტორიული („არსენა მარაბდელი“, 1933—1936), ფილოსოფიური („თეთრი საყელო“, 1926) რომანები. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა.
კვაჭი კვაჭანტირაძის გროტესკული სახის შექმნით ჯავახიშვილმა ამხილა სოციალური წყობა, რომელმაც წარმოშვა ასეთი „გმირი“ და მხატვრული დამაჯერებლობით წარმოსახა რუსეთის იმპერიის მმართველი წრეების ზნეობრივი დაცემა, უმეცრება, დეგენერაცია.
„ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული — ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული მოინტელიგენტო ხორცმეტი (თეიმურაზ ხევისთავი) და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. მწერალმა განათლებულ უმოქმედებას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.
ახალი ინტერესებით, ახალი სულისკვეთებით გაამდიდრა ჯავახიშვილის შემოქმედება ისტორიულმა რომანებმა, რომლებშიც გაცოცხლდა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის სურათები. რომანში „არსენა მარაბდელი“ XIX საუკუნის I ნახევრის გლეხთა მოძრაობის ვრცელი პანორამაა გადმოცემული. „ქალის ტვირთში“ წარმოსახულია XX საუკუნის დასაწყისისრევოლუციური მოძრაობა. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933—1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი.
ბოლო წლები
1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტარატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი „არსენა მარაბდელი“ ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს „ქალის ტვირთის“, სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.
ამ ნაწარმოებში აღწერილია რევოლუციონერი, თუმცა თავადის ქალი, ივდითი, რომლის საყვარელი, მიწისქვეშა ბოლშევიკი მუშა — ზურაბი, დაარწმუნებს მას მეფის ჟანდარმერ ავშაროვს გაჰყვეს ცოლად და მოკლას იგი. საბჭოთა იდეოლოგმა ვლადიმირ ერმოლოვმა რომანი დაგმო, ვინაიდან, მისი აზრით, ის ბოლშევიკებს ტერორისტებად ასახავდა რევოლუციამდელ საქართველოში. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშივლმა გააფრთხილა მწერალი გრიგოლ რობაქიძე მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა. საქმე კიდევ უფრო გართულდა 1936 წელს — მან ღიად შეაქო ფრანგი მწერალი ანდრე ჟიდი, რომლის „Retour de l’URSS“ და მასში მოყვანილ ქართველ მწერალთა დახასიათება, ჟიდსა და ჯავახიშვილს ხალხის მტრების კვალიფიკაციას ანიჭებს.
1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში