ნიკო ლომოური

ნიკო ლომოური

  ნიკო იოსების ძე ლომოური(დ. 7 თებერვალი/19 თებერვალი1852, სოფ. არბო, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 17 აპრილი/ 30 აპრილი1915გორი),ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.

ბიოგრაფია

  გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875 წლიდან სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა. ერთხანს თბილისის ქართულ გიმნაზიაში, 1881 წლიდან კი გორის სამასწევლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლობდა.

  ლომოურის პირველი ლექსები 1871 წლის ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა. 1885 წელს მისი ლექსები და მოთხრობები ცალკე წიგნაკად გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა "ალი" (1878, გამოქვეყნდა ჟურნალ "ივერიაში", 1879).

  ლომოურის შემოქმედება ქართველ "სამოციანელთა", განსაკუთრებით ი. ჭავჭავაძისა და რუს რევოლუციურ-დემოკრატთა იდეურ-მხატვრული ნააზრევის ზეგავლენით განვითარდა. მისი მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგდროინდელი ქართული სოფლის ყოფა სავაჭრო ბურჟუაზიის აღმავლობისა და სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარების დროს. ხალხოსანთა მსგავსად, ლომოური გლეხობის მძიმე ხვედრის მემატიანე იყო, თუმცა, მათგან განსხვავებით, იდეალად არ ჰქონდა დასახული თემური წყობილება (მოთხრობა "ბერუა ქრისტესიაშვილი", 1904). ხალხის ცხოვრების გარდაქმნის მთავარ ფაქტორად მწერალს სწავლა-განათლება მიაჩნდა, რადგან გლეხთა გაუნათლებლობა, ცრუმორწმუნეობა და მავნე ჩვეულებები ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა ყველა ჯურის ექსპლუატატორს (მოთხრობები "ალი", "ქაჯანა", 1881; "პაწია მეგობრები", 1906 და სხვა).

  ლომოური გვიხატავდა გლეხთა სტიქიური პროტესტის უნაყოფობას, გლეხობის დამრაზმავ ძალად მას ხალხის წიაღიდან გამოსული განათლებული პირები ესახებოდა (მოთხრობები "ბედი უბედურთა", 1880; "გიგო ღრუბელაშვილი", 1894). ლომიურს ეკუთვნის აგრეთვე ისტორიული მოთხრობები, რომლებიც წარმოაჩენს ჩვენი წინაპრების გმირულ თავდადებას ("წინაპართა აჩრდილნი", 1902; "ხერხი სჯობის ღონესა", 1914), პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, ლექსები და სხვა.

  მწერლის შემოქმედება ხასიათდება ლაკონიური და მკაფიო სტილით, დახვეწილი ენობრივი მასალით, პერსონაჟთა და სიტუაციათა რელიეფური ხატვით.

ლომოურის ფსევდონიმემი იყო: "ლევან ცაველი", "არბოელი", "გორელი" და სხვა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html