უიარაღო (თათარიშვილი)

უიარაღო (თათარიშვილი)

  უიარაღო (ნამდვილი სახელი და გვარი - კონდრატე დავითის ძე თათარიშვილი) (დ. 21 სექტემბერი, 1872, სოფ.აბასთუმანი, ახლანდელი ზუგდიდის რაიონი — გ. 9 მაისი1929თბილისი), ქართველი მწერალი.


  1887 წლიდან სწავლობდა თბილისის, 1893 წლიდან კიევის სასულიერო სემინარიაში (დაამთავრა 1894). პირველი მოთხრობა "მშვიდობით" 1895 გამოაქვეყნა ჟურნალ "მოამბეში". 1896 მღვდლად ეკურთხა. სიკვდილმისჯილი რევოლუციონერი ჯარისკაცების გამოსარჩლებისათვის 1906 წელს ეკლესიიდან განდევნეს.

  უიარაღომ განაგრძო ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("მოამბე", "ჯეჯილი", "კვალი", "მეგობარი", "დროება" და სხვა). მოთხრობებში "მე და ბიძაჩემი", "ჩაიზე", უსიამოვნო შეხვედრა", "რეაქცია", "პირუთვნელი დაფასება", "წესდება" (1900-1913) მწერალი ამხელდა ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებას. მისი პუბლიცისტური წერილები მიმართული იყო ცარიზმის წინააღმდეგ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უიარაღო იძულებული გახდა 1912 წელს გასცლოდა საქათველოს.

  1912-1919 წლებში იგი სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1921) მუშაობდა თსუ გეოლოგიის ლათედრის ასისტენტად, 1923 წლიდან აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაში. უიარაღოს სამეცნიერო შრომები ძირითადად შეეხება კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთ ნაწილის ჰიდროგეოლოგიურ საკითხებს. იკვლევდა აგრეთვე საშენი მასალებისა და ბენტონიტური თიხების საბადოთა გეოლოგიურ საკითხებს.

  უიარაღოს უმნიშვნელოვანესი თხზულება, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუპოვა ავტორს, არის ისტორიული მოთხრობა "მამელუკი" (გამოქვეყნდა 1912, კრებული "გრდემლი", წიგნი II, ფილმი ("მამლუქო"), 1958). მოთხრობა ძველი საქართველოს ერთ-ერთ უმწვავეს სატკივარს - ყმების უცხოეთში გაყიდვას ეხება. მკვეთრმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მძაფრ სიუჟეტთან შერწყმულმა ნათელმა და შთამბეჭდავმა სტილმა განაპირობა რევოლუციამდელი პროზის ამ "პატარა შედევრის" (ტ.ტაბიძე) ფართო პოპულარობა.

  უიარაღოს ეკუთვნის აგრეთვე რომანი "მაძიებელნი" (დაიწერა 1902, პირველად შემოკლებულად დაისტამბა 1940 ჟერნალ "მნათობში"). 1957-1958 წლებში გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა სრული კრებული ორ ტომად (შემდგენელი, მონოგრაფიული ნარკვევისა და ბიბლიოგრაფიული შენიშვნებისა ავტორი სოლომონ ცაიშვილი).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html