ამირანი (მითოლოგია)

 ამირანი, ქართულ მითოლოგიაში გმირი; ამირანიანის ეპოსის მთავარი გმირი. ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა კუთხეში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, რაც მიუთითებს მათი ფორმირების შესახებ ქართველი ერის ეთნოგენეზის ადრეულ სტადიაზე (ვარიანტები არსებობს აგრეთვე კავკასიის ქართველებთან მონათესავე ხალხებში). ამირანის სახე მოსჩანს ძვ. წ. მე-3 ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებში (მცხეთის ბრინჯაოს სარტყელი, ყაზბეგის განძი, თრიალეთის ვერცხლის თასი). ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალის და მოკვდავი უცნობი მონადირის შვილია (ამირანის ქალწულებრივი ჩასახვის აფხაზურ ვარიანტს ალბათ მატრიარქატის ეპოქისკენ მივყავართ; ზოგიერთ გვიანდელ ვარიანტში ამირანის მამა მჭედელი ან გლეხია). ნაადრევად დაბადებულმა უმწიფარმა ამირანმა ხარის (ძროხის) კუჭში (ფაშვში) დაასრულა მომწიფება. ამირანის ღვთაებრივ წარმოშობას მიუთითებს მის მხრებზე მზის და მთვარის გამოსახულება, აგრეთვე ის, რომ მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ოქროსია. ამირანი უზარმაზარი ზომისაა, თვალები საცერის ტოლა აქვს და საავდროდ გამზადებულ შავ ღრუბელს ჰგავს. ამირანი მგელივით დაუღალავია, თორმეტი წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისწრაფე; ის იმდენად ძლიერია, რომ დედამიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს (თუმცა ვერც კი მოვა ძალით და სიმაღლით ამბრისთან). ამირანის ძალა უხშირესად მის მონათვლას მიეწერება (უეჭველია, რომ ნათლობის მოტივმა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განდევნა უფრო ძველი ინიციაციის მოტივი), თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია მის ბანაობასთან ჯადოსნურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. ამირანის გმირობებში (დევებთან, ვეშაპთან ბრძოლა), რომლებსაც ის სჩადის მის ძმადნაფიცებთან, ბადრისთან და უსიპთან ერთად, ნათლად ჩანს კოსმოგონიურ მოტივებთან კავშირი. ვეშაპი გადაყლაპავს ამირანს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და განახლებული გარეთ გამოდის. ამასთანავე, ამირანი ნეკნებს შორის განაჭერში დაწნულ ბადეს დგამს, რათა ვეშაპის მიერ გადაყლაპულმა მზემ დაწვას იგი და შეძლოს გარეთ გამოსვლა. ამირანი იტაცებს ზეციურ ქალწულს — ყამარს, რომელიც ციურ ცეცხლს განასახიერებს და ცხოვრობს ზღვის გადაღმა ან ზღვის თავზე დაკიდებულ კოშკში. ამირანი ამარცხებს ყამარის მამას — ამინდის და საავდრო ღრუბლების მბრძანებელ ღვთაებას. ამირანი ასწავლის ადამიანებს მჭედლობას; იგი თვითონაც შესანიშნავი მჭედელია, რომელსაც ხმლის ჭედვაც შეუძლია (მძიმე ხმალი ამირანის აუცილებელი ატრიბუტია). ამირანის სახეში კულტურული გმირის სხვა თვისებებიც ვლინდება. დასავლეთ საქართველოს და აფხაზურ ვარიანტებში იგი მავნე მცენარეებსაც ანადგურებს. ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემით შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება.

 ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ამირანი მოწამე გმირის თვისებებს იძენს და იესო ქრისტეს, გიორგის, ილიას და სხვ. ეცილება.

 ამირანის შესახებ თქმულებებმა ასახვა ჰპოვა შუასაუკუნოვან ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“.

 ამირანი ტიპოლოგიურად პრომეთესთან და აბრსკილთან ახლოს დგას.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html