ალექსანდრე რადიშჩევი

ალექსანდრე რადიშჩევი

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რადიშჩევი (რუს. Александр Николаевич Радищев) (დ. 20 აგვისტო/31 აგვისტო, 1749, მოსკოვი — გ. 12 სექტემბერი/24 სექტემბერი, 1802, პეტერბურგი), რევოლუციური ტრადიციების ფუძემდებელი რუსეთის განმათავისუფლებელ მოძრაობაში, განმანათლებელი, ფილოსოფოს-მატერიალისტი, პოეტი.

ბიოგრაფია

1766-1771 წლებში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც გაეღვიძა ინტერესი ენციკლოპედისტების (ჰელვეციური, მაბლი, რუსო) მოძღვრებისადმი. 1771-1790 წლებში იყო სახელმწიფო სამსახურში, 1790-1797 - გადასახლებაში, სადაც დაწერა მთავარი ფილოსოფიური ნაშრომი ტრაქტატი „ადამიანის, მისი მოკვდავობისა და უკვდავების შესახე“ (დაიწერა 1792-1795, პირველად გამოიცა 1809).

ტრაქტატში რადიშჩევის აზროვნება გაორებულია, მის პირველ ორ ნაწილში იგი ცდილობს დაასაბუთოს სხეულით სულის განსაზღვრულობა და სულის მოკვდავობა, III-IV ნაწილში კი სულის დამოუკიდებლობასა და უკვდავებაზე ლაპარაკობს. მიუხედავად ამ თეზისის დასაბუთების ტრადიციული იდეალისტური არგუმენტების კრიტიკისა, რადიშჩევი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ცნობიერების (სულის) გაქრობის თვალსაზრისი ლოგიკურად ნიშნავს ყოველგვარი ცნობიერების და, მაშასადამე, საკაცობრიო მეცნიერული მონაპოვრების გაქრობის დაშვებასაც.

ონტოლოგიის სფეროში რადიშჩევის თვალსაზრისით მატერიალისტურია. მისი აზრით, მატერია შემეცნებისაგან დამოუკიდებელი ობიექტური არსია, რომლის არსებობის ძირითადი ფორმებია დრო და სივრცე, ხოლო ძირითადი ატრიბუტი — მოძრაობა. მაგრამ ეს თვალსაზრისი იდეუსტურად შეზღუდულია, რადგან რადიშჩევი არ უარყოფს ღმერთს, როგორც სამყაროს შემოქმედსა და პირველმამოძრავებელს.

სოციოლოგიაში რადიშჩევმა ღრმად შეითვისა ბუნებითი სამართლისა და ხელშეკრულების გზით სახელმწიფოს წარმოშობის თვალსაზრისი, გაამდიდრა იგი გეოგრაფიულ-დეტერმინისტული შეხედულებებით და გამოიყენა რუსული ცარიზმისა და ბატონყმური ურთიერთობების კრიტიკისათვის.

რადიშჩევს ეკუთვნის რუსული პოეზიის პირველი ნიმუში ოდა „თავისუფლებას“ (დაახლოებით 1783). მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „მოგზაურობა პეტერბურგიდან მოსკოვს“ (გამოქვეყნდა 1790; ქართული თარგმანი — 1955) მიეკუთვნება ე. წ. „განმანათლებლური მოგზაურობის“ ჟანრს. სინამდვილის წარმოსახვის რადიშჩევისეული მეთოდი ძირითადად რეალისტურია, თუმცა თხზულებაში გვხვდება სანტიმენტალიზმისა და კლასიციზმის ელემენტებიც. აქ ერთმანეთს ენაცვლება მოთხრობა, ლექსი, კომედიური დიალოგი, თეორიული „პროექტი“, ისტორიული ტრაქტატი და სხვა. შესაბამისად ნაირფეროვანია მწერლის ენობრივ-სტილისტური საშუალებანიც. რადიშჩევმა უარყო „სამი სტილის“ თორია და შექმნა რეალიზმის მხატვრული სტილისტიკის საფუძვლები.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html