დანიელ ჭონქაძე

დანიელ ჭონქაძე

  დანიელ ჭონქაძე (დ. 18 მარტი, 1830, სოფ. ყვავილი, დუშეთის რაიონი – გ. 16 ივლისი,1860, თბილისი), იყო ქართველი მწერალი.

  დანიელის მამა გიორგი, შთამომავლობით გლეხი, მღვდელი იყო. როგორც სასულიერო პირი, ის მისიონერად გაამწესეს ოსეთში. მოვალეობის შესრულების დროს, 1846 წელს, მას თავს დაესხა ბრბო და მოკლა. პატარა დანიელი სოფელში თავისი დედის – მელანიას მზრუნველობოთ იზრდებოდა. იაკობ გოგებაშვილი, რომელიც თბილისის სასულიერო სემინარიაში დანიელ ჭონქაძის მოწაფე იყო, თავის მოგონებაში აღნიშნავს, რომ დუშეთის მაზრაში დანიელს მამისგან დატოვებული სახლი და მამული ჰქონდა, რომლითაც მწერალი სიკვდილამდე სარგებლობდა; ზაფხულს იგი თითქმის ყოველთვის სოფელ ყვავილში ატარებდა. ეს ორსართულიანი სახლი სოფელში ახლაც დაცულია. საერო სასწავლებელი 1845 წელს დაამთავრა. ამავე წელს დანიელ ჭონქაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც კარგ მოსწავლედ ითვლებოდა. სემინარიის მაშინდელი ხემძღვანელობა მას ახასიათებს, როგორც კეთილსა და ნიჭიერ მოწაფეს. თბილისის სემინარია დანიელმა წარჩინებით დაამთავრა და მალე კავკასიის სასულიერო (ქ.სტავროპოლი) დანიშნეს ოსური ენის მასწავლებლად. შემდეგ, თანახმად პირადი თხოვნისა, დანიელი გადმოიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში იმავე საგნის მასწავლებლად.

  1858 წლის 1 ოქტომბრიდან დანიელ ჭონქაძე მსახურობდა სინოდის კანტორაში მაგიდის გამგედ. მისი თხოვნა, სასულიეროდან საერო წოდებაში გადარიცხვის შესახებ დააკმაყოფილეს. სიკვდილამდე მასწავლებლის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი დიდი სიყვარულით ემსახურებოდა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. დანიელ ჭონქაძე დაავადებული იყო ჭლექით. მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ის ცუდი პირობები, რომელშიც მწერალს უხდებოდა ცხოვრება. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი მუშაობით ძლიერ გადატვირთული იყო. გარდა იმისა, რომ ორ თანამდებობას ასრულებდა (მასწავლებლობა და მაგიდის უფროსობა), იმავე დროს ოსურ ენაზე თარგმნიდა საეკლესიო წიგნებს. რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ დანიელს დავალებული ჰქონდა რუსულ-ოსური ლექსიკონის შედგენა. ერთ თავის პირად წერილში ამის შესახებ წერს: „მე ამ შრომას ხელი მოვკიდე მთელი ჩემი ენერგიით ისე, როგორც შეშვენის ახალგაზრდას, რომელსაც სურს კარიერა შეიქმნას, მაგრამ ეს შრომა სამ ასოზედაც არ მქონდა შედგენილი, რომ დამიწყო სისხლის ღებინება“. რუსულ-ოსური ლექსიკონის ის ნაწილი, რომელიც მწერალს შეუდგენია, ამჟამად დაცულია საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში. არსებობს ცნობა, რომ „სურამის ციხის“ დასრულების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დაუწყია მოთხრობა „ვინ არის დამნაშავის“ წერა. ამ ნაწარმოებშიაც მას ყმისა და ბატონის ურთიერთობა ჰქონდა გამოხატული. გარდა ამისა, დანიელ ჭონქაძე აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ნამუშევრებს. მწერლის ანდერძიდან ირკვევა, რომ მას თავისი ვაჟის – გიორგისათვის უანდერძებია „ძველი ხელნაწერები“. სამწუხაროდ, ამ ხელნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოდ, რომ ეს ნაწერები დაწვეს, როგორც ჭლექიანის ხელში ნამყოფი.

  მოთხრობა „სურამის ციხის“ ნაწილი დანიელ ჭონქაძემ გამოაქვეყნა „ცისკრის“ 1859 წლის მეთორმეტე ნომერში. ზოგიერთებმა, როგორც ეს ალექსანდრე ორბელიანს თავის ხელნაწერ შრომაში აქვს აღნიშნული, თავის თავზე მიიღეს „სურამის ციხეში“ გადმოცემული მებატონეთა მოქმედებანი. თვით „ცისკრის“ რედაქტორს ივანე კერესელიძეს, რომელიც მწერალთან კარგ განწყობილებაში იყო, ჭონქაძის ნაწარმოების დაბეჭდვისათვის უსიამოვნება შეხვდა.

  „სურამის ციხის“ გამოქვეყნების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დიდხანს აღარ უცოცხლია. 1860 წელს 30 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა ჭლექით. ანდერძის თანახმად დანიელ ჭონქაძე დაკრძალეს თბილისში, მაშინდელი ვერის სასაფლაოზე, თავისი მეუღლის გვერდით.[1]

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html