დიმიტრი ერმაკოვი - Дмитрий Иванович Ермаков

დიმიტრი ერმაკოვი - Дмитрий Иванович Ермаков

დიმიტრი ივანეს ძე ერმაკოვი (1846-1916) — რუსი ფოტოგრაფი, ორიენტალისტი, ეთნოგრაფი.

ბიოგრაფია

 დიმიტრი ერმაკოვი დაიბადა 1846 წელს ნახიჩევანში. მისი მამა იყო იმ დროისათვის კარგად ცნობილი იტალიელი არიტექტორი ლუდოვიკო კამბიაჯო, რომელიც მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის თანხლებით ჩამოვიდა ოდესიდან, ხოლო დედა კი მოლაკნელი გლეხის ქალი.

 ახალგაზრდა ერმაკოვმა განათლება ანანურთან მდებარე სამხედრო ტოპოგრაფიულ აკადემიაში მიიღო, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთით 102 კმ-ით იყო დაშორებული და საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობდა, გზა რომლის ფოტოგრაფირებაც მას ხშირად უწევდა. სწორედ ამ აკადემიაში ჩამოყალიბდა ერმაკოვი ფოტოგრაფად და რამდენიმე წელიწადში საზოგადოებას უკვე პროფესიონალ ფოტოგრაფად მოევლინა .

 1860-იანი წლების ბოლოს ერმაკოვი ტოვებს აკადემიას და 1866 წელს ხსნის საკუთარ ფოტოატელიეს თბილისში. ფოტოსტუდია მდებარეობდა იმ დროისათვის პოპულარულ ”დვორცოვაიას” ქუჩაზე, სადაც წლების მანძილზე მრავალი ფოტოგრაფი მოღვაწეობდა. პირველი ფოტოსახელოსნო აქ 1846 წელს ფოტოგრაფებმა  ვ. ხლამოვმა  და ა. როინაშვილმა გახსნეს და ფოტოსახელოსნოს ”რემბრანტი” დაარქვეს. ცნობილია ასევე, რომ ერმაკოვმა შეიძინა სხვადასხვა ფოტოგრაფთაგან ნეგატივები და საკუთარ ნეგატივების ნაერთით შექმნა კოლექცია, რომელსაც ტირაჟით გამოსცემდა და უკეთებდა რეალიზაციას. ფოტოსტუდიის დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში ერმაკოვი ხდება ”Société française de photographie” - (SFP) წევრი, ეს იყო ფოტოგრაფთა ყველაზე პრესტიჟული ასოციაცია ევროპაში.

 1874 წელს ერმაკოვმა მოაწყო თავისი სურათების გამოფინა, რომელთაც ორი წლის განმავლობაში იღებდა ტრაპიზონში. სავარაუდოა, რომ ერმაკოვმა ტრაპიზონში ყოფნისას გახსნა მოერე ატელიეც, რადგან გადაღებული აქვს მთელი რეგიონი. სურათები რომლებიც მან პარიზში გამოაგზავნა სწორედ ამ რაიონიდან იყო. მოგვიანებით, 1878 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ანთროპოლოგიურ გამოფენაზე, სადაც მისმა სურათებმა ღირსეული ადგილი დაიკავეს. ერმაკოვმა მიიღო ჯილდოები თურქეთის, სპარსეთის და იტალიის გამოფენებზე. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს აყვანილ იქნა სამხედრო ფოტოგრაფად. ერმაკოვს თავისი პროფესიიდან გამომდინარე დიდი მანძილების გადალახვა უწევდა - მისი კოლექციის თვალის გადავლებით ნათელი ხდება, რომ იგი მოგზაურობდა რომიდან ვიდრე სამარყანდამდე და ჩრდილო კავკასიის ქალაქებიდან ვიდრე თეირანამდე.

 დიმიტრი ერმაკოვს გადაღებული აქვს ქალაქების ხედები, სხვადასხვა ეთნიკური ტიპები, მის კოლექციაში ასევე შედის მრავალი ეკლესია- მონასტრისა და მათში დაცული საეკლესიო ინვენტარის ფოტომასალა

 1910 წელს ერმაკოვმა იმოგზაურა სვანეთში საიდანაც 1500 ნეგატივი ჩამოიტანა. ტრაპიზონის გარდა ის ასევე მოღვაწეობდა თეირანში სპარსეთის შაჰის კარზე. ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოსურათები ინახება თეირანის უნივერსიტეტში. დიმიტრი ერმაკოვმა თავისი 45 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე დააგროვა უამრავი გადაღებული ფოტოსურათი ნეგატივის სახით, რომელთა რაოდენობა 25000-მდე მერყეობს. მისი ფოტოთა უმრავლესობის ნახვა შესაძლებელია სიმონ ჯანაშიას თბილისის სახელმწიფო მუზეუმში. 1897 წელს იგ აირჩიეს კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა ხელისშემწყობ საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად; 1907 წელს ხდება მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი, 1912 წელსკი - თბილისის კაზმულ ხელოვნებათა საზოგადოების წევრ-დამფუძნებელი. გარდაიცვალა 1916 წლის 10 ნოემბერს, დასაფლავებულია კუკიის სასაფლაოზე.

ფოტოგრაფია

ნეგატივები

 ყველაზე დიდი კოლექცია ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა", ხელოვნების სახელწიფო მუზეუმი) და საქართველოს ეროვნულ არქივში (კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი). ერმაკოვის ფოტოკოლექცია შესაძლებალია ინახოს აგრეთვე თეირანის გოლესტანის მუზეუმში. ფოტოთა მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება სანკტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიის მუზეუმში. მცირე კოლექციების ნახვა შეიძლება ამსტერდამში, ნიდერლანდებსა და პარიზში.

ფოტოალბომები

 ერმაკოვის ფოტოატელიეს გამოშვებული აქვს მრავალი ალბომი, რომელთა რაოდენობა რამოდენიმე ასეულია. თითოეულ ალბომში შეიძლება სხვადასხვა რაოდენობისა და სხვადასხვა ზომის ფოტოთა ნახვა.

კატალოგები

 ერმაკოვის ფოტოსახელოსნოს შედგენილი აქვს სამი კატალოგი, აქედან პირველი ორი გამოშვებულია სტამბური მეთოდით (ტირაჟით). პირველში(1896წ.) შესულია ფოტოთა 1-8743, პლუს სტერეოსკოპთა 1-1391 ნუმერაცია, მეორეში(1901წ.) 8744-11308, პლუს სტერეოსკოპთა 1392-1925 ნუმერაცია, ხოლო მესამე, რომელიც მარტო დედანის სახით არსებობს, ინახება თბილისის ეროვნულ მუზეუმში და მისი ნუმერაცია მერყეობს 11309-19055 ფარგლებში.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html