სახელმწიფო სამსახურში (1990-1992)
1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება ეროვნული მოძრაობის ძალებს შორის. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.
სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.
ზვიად გამსახურდია გაემიჯნა ამ უკანასკნელებს, უწოდა მათ „ანტიეროვნული მოძრაობა" და შექმნა პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება
ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისისსაყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები[2]. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
ზვიად გამსახურდიას ძეგლი ზუგდიდში
სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე გამსახურდიას მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო, განსაკუთრებით საქართველოს ურთიერთობებში საბჭოთა კავშირთან. უმთავრესი პრობლემა საქართველოს მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების პოზიცია იყო (ისინი მოსახლეობის დაახ. 30%-ს შეადგენდნენ). მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ჯგუფების ერთი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში 245 ადგილიდან მათ მხოლოდ 9 ერგოთ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა საქართველოს დამოუკიდებლობამდეც, რასაც სერიოზული ეთნიკური წინააღმდეგობები მოყვა 1989 წელს აფხაზეთში. ამას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ გამსაზურდიას მომხრეთა ერთი ნაწილის საარჩევნო კამპანიის დევიზი იყო "საქართველო ქართველებისთვის".[3]
1989 წელს სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველ და კრემლისადმი ლოიალურ ოს მოსახლეობას შორის. სამხრეთ ოსეთის რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ოლქი საქართველოს გამოეყოფოდა და შექმნიდა "საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას". საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის მარტში სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა.
სამმხრივი დაპირისპირება რეგიონში ქართულ, ოსურ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს შორის 1991 წლის მარტისთვის დასრულდა 51 ადამიანის დაღუპვით და 25 000 ადამიანის იძულებით გადასახლებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გამსახურდიამ დაგმო ოსების გადაწყვეტილება, როგორც რუსეთის მაქინაცია საქართველოს წინააღმდეგ, და ოსი სეპარატისტები "კრემლის აგენტებად, მის ხელსაწყოებად და ტერორისტებად" გამოაცხადა. 1991 წლის თებერვალში მან მიხეილ გორბაჩოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვდა საბჭოთა არმიის ნაწილებისა და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტის გამოყვანას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან.
ოპოზიციის გაძლიერება
თენგიზ სიგუა
გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას, როგორთ თავად უწოდებდნენ "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის", რაც მის პრეზიდენტად არჩევამდეც იყო მისი კრიტიკის საგანი. 19 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ გამსახურდიას პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. ეს სამი მინისტრი ოპოზიციას შეუერთდა, უწოდებენ რა მას "დემაგოგსა და ტოტალიტარს". ემოციურ სატელევიზიო გამოსვლაში, გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით ჩართული იყვნენ "საბოტაჟსა და ღალატში".
გამსახურდიას გამოხმაურება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის მიმართ დამატებითი კრიტიკის საგანი გახდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ, საქართველოს მთავრობამ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწოდეს საქართველოს მოსახლეობისას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დარჩენილიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე და გაეგრძელებინათ საკუთარი საქმეები და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს ან არასანქციონირებულ ქმედებებს. მომდევნო დღეს გამსახურდიამ მოუწოდა საერთაშორისო ლიდერებს ეღიარებინათ რესპუბლიკები (მათ შორის საქართველო), რომლებმაც თავი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. მან საჯაროდ განაცხადა 21 აგვისტოს, რომ პუტჩი თავად მიხეილ გორბაჩოვის ჩაფიქრებული იყო, რათა საკუთარი პოპულარობა გაეზარდა საბჭოთა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტმაჯორჯ ბუშმა "სასაცილო" (ინგლ. ridiculous) უწოდა.
სიტუაცია უფრო გაამწვავა 23 აგვისტოს რუსული სააგენტო ინტერფაქსის მიერ გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობასსაქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე. ამავე განცხადებით ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი გაუქმდა, ხოლო მისი წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს დაექვემდებარებოდნენ. სინამდვილეში, ეროვნული გვარდია უკვე ისედაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი, ხოლო გამსახურდიას ოპონენტებმა ამის დასამტკიცებელი საბუთი ვერ მოიყვანეს. უფრო მეტის, თავად გამსახურდია ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ის არ აპირებდა ეროვნული გვარდიის დაშლას.ეროვნული გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები თბილისიდან გაიყვანა 24 აგვისტოს. ამ დროისთვის პუტჩი მოსკოვში ჩავარდა და გამსახურდიამ სახალხოდ მიულოცა ბორის ელცინს პუტჩისტებზე გამარჯვება საქართველო ამ გადატრიალებას გადაურჩა სისხლისღვრის გარეშე, თუმცა მისი ოპონენტები აკრიტიკებდნენ მას არამკაფიო პოზიციისთვის. გამსახურდია ამგვარ კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა, დააბრალა რა ბნელ ძალებს მოსკოვში კონსპირაცია მის შინაურ მტრებთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩასაშლელად.
გიორგი ჭანტურია
გამსახურდიას განკარგულებით დაიხურა ოპოზიციური გაზეთი "მოლოდიოჟ გრუზიი" იმ მიზეზით, რომ ის ღიად მოუწოდებდა ეროვნული წინააღმეგობისკენ.გიორგი ჭანტურია, რომლის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციური პარტია იყო იმ პერიოდში, დააპატიმრეს ლეგიტიმური მთავრობის დასამხობად მოსკოვიდან დახმარების ძიების ბრალდებით. ასევე გაჩნდა ცნობები, რომ საქართველოს ტელევიზიის მეორე არხიასევე დაიხურა, ვინაიდან მისმა თანამშრომლებმა მთავრობის წინააღმდეგ მიტინგებში მიიღეს მონაწილეობა.[7]
მთავრობის ქმედებებმა გაამწვავა საზოგადოების დამოკიდებულება შინ და საზღვარგარეთაც. აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციამ, რომლესაც წარმომადგენელი სტენი ჰოიერი უძღვებოდა, საკუთარ ანგარიშში განაცხადა, რომ არსებობდა "ადამიანთა უფლებების მწვავე პრობლემები ახალი მთავრობის შიგნით, რომელსაც არ სურდა მათი გადაჭრა ან ცნობდა მათ ან საერთოდ რამის გაკეთება ამაზე ჯერ". ამერიკელი კომენტატორები აცხადებდნენ, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რაც ხელს უშლიდა საქართველოს საყოველთაო საერთაშორისო აღიარებას. საქართველო უკვე აღიარებული იყო რამდენიმე ქვეყნის მიერ (რუმინეთი, თურქეთი, კანადა, ფინეთი, უკრაიანა, ბალტიისპირეთის ქვეყნები), თუმცა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა ის ფორმალურად მხოლოდ 1991 წლის შობისთვის აღიარა.
პოლიტიკური უთანხმოება მწვავე წინააღმდეგობაში გადაიზარდა 2 სექტემბერს, როდესაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია თბილისში პოლიციამ დაარბია. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეროვნული გვარდიის გაყოფა პრო- და ანტისამთავრობო ნაწილებად. შეტაკებები ორ მხარეს შორის პერიოდულად ხდებოდა თბილისში ოქტომბრისა და ნოემბრის პერიოდში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაფორმალურმა გაერთიანებებმა, რომელთა შორის უდიდესი იყო "მხედრიონი", ქალაქში ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.