იოსებ ბესრიონის ძე სტალინი (რუს. Ио́сиф Виссарио́нович Ста́лин, ნამდვილი გვარი —ჯუღაშვილი, რუს. Джугашви́ли ) (დ. 6 დეკემბერი/18 დეკემბერი, 1878, გორი - გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი), კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898-იდან.
"მესამე დასი"
სტალინი იყო "მესამე დასის" წევრი, ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირის და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების "ბრძოლის", "პროლეტარიატის ბრძოლის", "ბაკინსკი პროლეტარიატის", "გუდოკის", "ბაკინსკი რაბოჩის" გამოცემაში, იყო 1905-07 რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. რსდმპ-ის შექმნის დღიდანვე მხარს უჭერდა რევოლუციური მარქსისტული პარტიის განმტკიცების ლენინურ იდეას, იცავდა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ბოლშევიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას, იყო ბოლშევიზმის მტკიცე მომხრე, აკრიტიკრბდა მენშევიკებისა და ანარქისტების ოპორტუნისტულ ხაზს რევოლუციაში. რსდმპ I კონფერენციის დელეგატი ტამერფოსში (1905), სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს, რსდმპ IV (1906) და V (1907) ყრილობების დელეგატი. იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1912 რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912-13 მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში "ზვეზდა" და "პრავდა". მონწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი", რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა "კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის" ოპორტუნისტული პროგრამა. ეს შრომა ვ. ი. ლენინმა დადებითად შეაფასა. 1913 თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.
რევოლუციის შემდგომ
თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, დაბრუნდა პეტროგრადში, შეიყვანეს რსდმპ(ბ) ცკ-ის ბიუროში და "პრავდის" რედაქციაში. სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალ პირობებში პარტიული მუშაობის გაშლაში. მხარი დაუჭირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციის სოციალისტურში გადაზრდის ლენინურ კურსს. რსდმპ (ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად (ამ დროიდან მოყოლებული ცკ-ის წევრად არჩეული იყო ყველა პარტყრილობაზე XIX ყრილობის ჩათვლით). რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე ცკ-ის დავალებით გამოვიდა ცკ-ის პოლიტიკური ანგარიშით და მოხსენებით პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.
როგორც ცკ-ის წევრი, სტალინი აქტიურად მონაწილეობდა 1917 დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში. შედიოდა ცკ-ის პოლიტბიუროს შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი პარტიული ოარგანოს - სამხედრო-რევოლუციური ცენტრის პეტროგრადის სამხედრო რევკომის შემადგენლობაში. სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე, 1917 წლის 26 ოქტომბერს (8 ნოემბერი), აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917-23). ერთდროულად, 1919-22, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს, რომელიც 1920 გადაკეთდა მუშათა და გლეხთა ინსპექციად.
სამოქალაქო ომისა და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში (1918-20) სტალინი ასრულებდა რკპ (ბ) ცკ-ისა და საბჭოთა მთავრობის მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო რესპუბლიკის სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი, სრულიად რუსეთის ცაკის წარმომადგენელი მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოში. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის ერთგულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ. სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით, 1919 წლის 27 ნოემბერს სტალინი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.
სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ბრძოლაში სახალხო მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და გლეხობასთან მუშათა კავშირის განმტკიცებისათვის. პროფკავშირების დისკუსიის დროს, რომელიც ტროცკიმ თავს მოახვია პარტიას, სტალინი იცავდა სოციალისტურ მშენებლობაში პროფკავშირების როლის ლენინურ პლატფორმას. რკპ (ბ) X ყრილობაზე (1921) გამოვიდა მოხსენებით "პარტიის მორიგი ამოცანები ეროვნულ საკითხში". 1922 აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წელზე მეტხანს.