მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ბორჩალოს მაზრაში, 1921 წლის დაყოფით ისევ ბორჩალოს მაზრაშია, 1929 წელს შევიდა თბილისის ოლქში, ბორჩალოს რაიონის სახელწოდებით. 1930 წლიდან შევიდა ლუქსემბურგის (ახლანდელი ბოლნისის) რაიონში, 1947 წლიდან ხდება მარნეულის რაიონი. აჟამად მუნიციპალიტეტი.

მარნეულის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით საზღვრავს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები. მუნიციპალიტეტი ფართობია - 935 კმ².

რელიეფი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი გაშლილია მარნეულის აკუმულაციურ ვაკეზე (ზომები 40X18 კმ), რომელიც აგებულია თიხებით, ქვიშებით, კონგლომერატებითა და კენჭნარით. მის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობს ასევე ჯავახეთის ქედიდან ჩამოსული უზარმაზარი ლავური ღვარის დამარხული ბოლო და თიხნარი ნალექები. ვაკის აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 270 მ-იდან 400 მ-მდე. ვაკის ერთბლივი დახრილობა მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მარნეულის ვაკე შემოსაზღვრულია იაღლუჯის, ლოქისა და ბაბაკარის ქედებით. ზედაპირი დანაწევრებულია ალგეთისა და ხრამის ხეობებითა და ალგეთის ნახეობარებით. მდინარეული ტერასების ამგებელ თაბაშირიან თიხებში ადგილი აქვს ფსევდოკარსტულ მოვლენებს, რაც რელიეფში გამოსახულებას ჰპოვებს სუფოზიური ძაბრების, ჭებისა და მღვიმეების, აგრეთვე ბუნებრივი ხიდების სახით. ვაკეზე გაედინება მდინარეები ალგეთი, ხრამი, დებედა, შულავერი და სხვ.

მუნიციციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოდგენილია იაღლუჯის მაღლობი, რომელიც ჩრდილოეთ ნაწილში ამაღლებულია და ქმნის იაღლუჯის სერს (ზომები 17X11 კმ). აბსოლუტური სიმაღლე 788 მ. იაღლუჯის სერი აგებულია ნეოგენური კონგლომერატებისა და ქვიშაქვების წყებით, რომელიც მცირე კავკასიონის მოლასურ ფორმაციას წარმოადგენს. სერის აღმოსავლური ბოლო გადასერილია უწყლო ხეობით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შემოდის ასევე ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთის ნაწილი, რომელიც აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით და დაფარულია ცარცული და პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური წყებებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ლოქის ქედის აბსოლუტური სიმაღლე არ აღემატება 1400 მ-ს.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში აღმართულია დაბალი სიმაღლის ქედი (სერი) ბაბაკარი, რომელიც ლოქის ქედისაგან გამოყოფილია მდინარე დებედის ხეობით და გრძელდება მის აღმოსავლეთით მთა ბაბაკარამდე (700 მ). ბაბაკარის სერის სიგრძე 18 კმ, უმაღლესი მწვერვალი თარსი (884 მ). ბაბაკარის სერი აგებულია ვულკანოგენური ფაციესის ზედაცარცული კირქვებითა დ მერგელებით. ქედის ჩრდილო კალთა საქართველოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი) ფარგლებშია, ხოლო სამხრეთი აზერბაიჯანში. ზოგან გამოხატულია ტიპური ბედლენდები.

შიგა წყლები [რედაქტირება]

მდინარე დებედა

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეთა ქსელი ხშირია. აღმოსავლეთ საზღვართან ჩამოედინება მდინარე მტკვარი.

სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია ხრამი და ალგეთი. ხრამი აქ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან შემოედინება, ხოლო ალგეთი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტიდან. ხრამიც და ალგეთიც მტკვრის მარჯვენა შენაკადებია. ხრამის შენაკადებიდან მუნიციპალიტეტის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანია დებედა, რომელიც ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე იწყება. იგი მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოდის სოფელსადახლოსთან. საშუალო წლიური ხარჯი სოფელ სადახლოსთან 29,7 მ³/წმ. დებედას შენაკადებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარე ბანოშისწყალი (სიგრძე 20,4 კმ), რომელიც ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე იწყება. იკვებება თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნა ზაფხულ-შემოდგომაზეა. მდ. ბანოშისწყლის მთავარი შენაკადია მდინარე ბურდაძორი.

ხრამის შენაკადებიდან მნიშვნელოვანია მდინარე შულავერი (სიგრძე 39,5 კმ), რომელიც ზ.დ. 1622 მ-ზე იწყება, ხოლო შესართავი ზ.დ. 343 მ-ზეა. შულავერს, ზემო წელში სოფელ ჩანახჩამდე ჩრდილოეთური მიმართულება აქვს, სოფელ ჩანახჩიდან სოფელ ხოჯორნის მერიდიანამდე აღმოსავლური, მერე კი ისევ ჩრდილოეთისაკენ იხრება და შულავერის ქედის მიმართულებას ემორჩილება. სოფელ სიონის ზემოთ შულავერის ხეობა ტყითაა დაფარული, ქვემო წელში ფართო კალაპოტი აქვს. ნაპირები ახალგაზრდა ნაფენებითაა აგებული. საშუალო წლიური ხარჯია 0,44 მ³/წმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ტბებს მოკლებულია.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html