მორის მეტერლინკი - Moris Maeterlinck

მორის მეტერლინკი - Moris Maeterlinck

მორის მეტერლინკი, (დ. 29 აგვისტო, 1862, გენტი ― გ. 5 მაისი, 1949, ნიცა), ბელგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი 1911 წელს.

ბიოგრაფია და შემოქმედება

 დაიბადა ფლანდრიელი ნოტარიუსის ოჯახში; გენტის კოლეჟის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სამართალს პარიზში; 1898 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, წერდა ფრანგულ ენაზე. 1883 წლიდან აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს ნარკვევებსა და ლექსებს. 1889 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული "სათბურები", 1896 წელს – "12 სიმღერა" (1900 წელს – "15 სიმღერა); მის პირველსავე პიესაში "პრინცესა მალენი" (1889 წელი) გამოვლინდა მწერლის ფილოსოფიური და ესთეტიური პოზიცია; იგი იმთავითვე განზე გადგა პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სოციალური პრობლემებისგან, რამაც განაპირობა ზღაპრულ–ფანტასტიუტი ირეალური სამყაროს თემატიკის დამკვიდრება მის შემოქმედებაში. მეტერლინკი აღიარებდა სხვა, მეორე სამყაროს, იდუმალ, ზებუნებრივ ძალებს და ადამიანის უმწეობას მათ წინაშე; აქედან გამომდინარე, მის პიესებში ქვეშეცნეული გამოდის წინა პლანზე, ადამიანი არ მოქმედებს რეალურ სამყაროში, პასიურად ელის გარდაუვალ ბედისწერას.

 მეტერლინკის პერსონაჟი უმთავრესად აბსტრაქტული არსებაა, რომელსაც არა აქვს კონკრეტული ყოფა, ბიოგრაფია, ეროვნება. ამ კონცეფციების შესაბამისად, მეტერლინკი აყენებდა მსახიობის დეპერსონალიზაციის საკითხს, "სტატიკური თეატრის", "დუმილის", "მეორე დიალოგის", "სიკვდილის თეატრის" თეორიას, რაც გამოიკვეთა სტატიაში "ყოველდღიური ცხოვრების ტრაგიზმი" (ესეების წიგნი "მორჩილთა საგანძური", 1896). ამ თეორიების შესაბამისადა შექმნილი მისი ერთმოქმედებიანი პიესებიც "დაუპატიჟებელი", "ბრმები" (ორივე 1890), "პელეასი და მელიზანდი" (1892), "ალადინი და პალომიდი", "იქ, შიგნით", "ტენტაჟილის სიკვდილი" (სამივე 1894), "აგლავენი და სელისეტი", "არიან და ლურჯწვერა" (ორივე 1896) და სხვ. 1898 წელს გამოქვეყნდა მეტერლინკის იდეალისტური თხზულება "სიბრძნე და ბედი" შეცნობისა და ეთიკის პრობლემების შესახებ. თხზულება "იდუმალი ტაძრის" (1902) გამოსვლის შემდეგ მეტერლინკის შემოქმედებაში გაჩნდა ოსტატური თემები, ცოცხალი, რეალური სამყარო და არსებები ("და ბეატრისი", 1900; "მონა ვარ", 1902; "ჟუაზელი", 1903; "წმინდა ანტუანის სასწაული", 1903 და სხვ.). მისი ფილოსოფიური კრედო გამოხატულია პიესა–ზღაპარში "ლურჯი ფრინველი" (1908). მეტერლინკმა შექმნა კიდევ მრავალი პიესა, რომელთაგან ბევრი ხელოვნური, ფსევდოისტორიული და ფსევდომოდერნისტული იყო ("ნიშნობა", 1918; "სტილმონდის ბურგომისტრი", 1919; "ჟანა დ'არკი", 1945; "საშინელი სამსჯავრო", 1941 და სხვ.) წერდა აგრეთვე ფილოსოფიურ ესეებს, ტრაქტატებს, ნატურფილოსოფიურ შრომებს, მემუარებს ("ცისფერი ბუშტები (ბედნიერი მოგონებანი)", 1948). 1940–1947 წლებში ცხოვრობდა აშშ–ში.

მორის მეტერლინკი საქართველოში

 მეტერლინკის შემოქმედება, განსაკუთრებით მისი დრამატურგია, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საქართველოში მას უკვე 1900–იანი წლებიდან იცნობენ. კ. აბაშიძე "სცენის მეფეს" უწოდებდა (1906), გ. ქიქოძე კი ახალი დრამის ფუძემდებლად მოიხსენიებდა. მეტერლინკის დრამა "დაუპატიჟებელი" 1905 წელს გამოაქვეყნა "ივერიის ბიბლიოთეკამ" (#2, მ. ადამაშვილის (მ. ჯავახიშვილის) თარგმანი), ხოლო 1907 წელს ეს დრამა დადგა თბილისის სახაზინო თეატრმა, რომელმაც 1908 წელს წარმოადგინა აგრეთვე "და ბეატრისა" (ა. ავალიშვილის თარგმანი); ეს პიესა 1908–1911 წლებში დაიდგა ქუთაისში, 1913 წელს კი – კვლავ თბილისში; 1910 წელს გამოქვეყნდა "ტენტაჟილის სიკვდილი" ("დროება", სურათებიანი დამატება #3,4,5; თ. ნათიშვილის თარგმანი), "მონა ვარ" (გ. ჩიკვაიძის თარგმანი), "სახლში" (ჟურნალი "ცხოვრება და ხელოვნება", #10; კ. ანდრონიკის თარგმანი), "იქ, შიგნით" (გაზეთი "სახალხო ფურცელი", სურათებიანი დამატება #56, 1915, სანგინაძის (ს. გრძელიშვილის ფსევდონიმი) თარგმანი). "წმინდა ანტონიოს სასწაული" 1911 წელს დაიდგა ქუთაისში, 1913 წელს თბილისში (პ. ჩიქვინიძის თარგმანი).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html