რომანოზი (ერისთავი)

რომანოზი (ერისთავი)

  რომანოზი (რომანი)ერისთავი (გ. 30 იანვარი 1753), ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი.

  გიორგი არაგვის ერისთავის ვაჟი. 1700-იანი წწ. ბერად აღიკვეცა დავითგარეჯაში; 1720 წლიდან მის საგვარეულო სასახლეში ანანურში ინახებოდა წმ. ნინოს „ჯვარი ვაზისა“. 1722 წ. რუსეთში გაემგზავრა; გზად მთიელებმა გაძარცვეს. რუსეთში პენსია დაუნიშნეს, მაგრამ ხელმოკლედ ცხოვრობდა. 1723 წ. იყო შუამავალი ქართლის მეფე ვახტანგ VI-სა და რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ს შორის. 1725 წ. საქართველოში დაბრუნდა; ცხოვრობდა თბილისში, იმხანად გამეფებული პოლიტიკური ქაოსის პირობებში ცდილობდა დახმარებოდა ეკლესია-მონასტრებს, კავშირი ჰქონდა ვახტანგ VI-ის მომხრე შეთქმულებთან. 1729 წ. კვლავ რუსეთში გაემგზავრა, მაგრამ 1730 წ. სამშობლოში დაბრუნდა და ანანურის არქიმანდრიტი გახდა. 1731 წ. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტად აირჩიეს, მაგრამ ოსმალებმა გორიდან გააძევეს და რომანოზი კვლავ ანანურში დაბრუნდა, 1732 წ. კი რუსეთში წავიდა. ვახტანგ მეფის შუამდგომლობით რუსეთის მთავრობამ რომანოზის საეკლესიო წოდებები აღიარა და ღვთისმსახურების უფლება მისცა. 1734 წ. მოსკოვში, „პრესნიაზე“, თავის სასახლესთან ააგო ხის ეკლესია, სადაც მსახურება ქართულ ენაზე ხდებოდა. 1738 წ. საქართველოში დაბრუნდა; 1739 წ. ანანური აიღო და გადაწვა შანშე ქსნის ერისთავმა. რომანოზი ჯერ იმერეთში, შემდეგ ყიზლარში გაიქცა. საბოლოოდ, 1741 წ., რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო და მოსკოვში დასახლდა. 1749 წ. მძიმედ ავადმყოფმა რომანოზმა საქართველოში დაბრუნდება ითხოვა; რუსეთის სინოდმა ჯერ უარი უთხრა, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა. 1752 წ. კვლავ რუსეთში გაემგზავრა; თან წაიღო წმ. ნინოს ჯვარი, რომელიც თავის სიძეს (დის ქმარს) ბაქარს გადასცა. ყიზლარში ყოფნისას რუსეთის მთავრობის სახელზე მოამზადა მოხსენება საქართველოში შექმნილი სიტუაციის თაობაზე. მოსკოვში მიმავალი რომანოზი გზად, ჩერნი იარში, გარდაიცვალა. დაკრძალულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.

  რომანოზმა გადაწერა არაერთი საეკლესიო წიგნი, შექმნა ჰიმნების კრებული. მის მიერ შეკვეთილი ბევრი ხელნაწერი გარეჯის მონასტერს შესწირა. სავარაუდოდ, მონაწილეონდა მოსკოვში ქართული ბიბლიის დაბეჭდვაში (1744).

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html