სიმონა დე ბოვუარი

სიმონა დე ბოვუარი

ბიოგრაფია

  სიმონა დე ბოვუარი (ნამდვილი სახელი ჟანა მარი ბერტრან დე ბოვუარი, დ. 9 იანვარი1908პარიზი — გ. 14 აპრილი1986პარიზი), ფრანგი ფილოსოფოსი, ესეისტი და მწერალი. ჟან-პოლ სარტრის თანამოაზრე და ქალთა უფლებების დამცველი.

ახალგაზრდობა

  სიმონას მამა, ჟორჟ დე ბოვუარი უბრალო ადვოკატი და მოყვარული მსახიობი იყო. დედა კი, ფრანსუაზა ბრასერი, ვერდენის ბურჟუაზიულ ოჯახს ეკუთვნოდა.

  სიმონა დე ბოვუარი რასპაის ბულვარზე მდებარე ბინაში დაიბადა. 5 წლის ასაკში შეიყვანეს კეთილშობილი ოჯახებიდან გამოსული ქალიშვილებისთვის სპეციალურ სასწავლებელში. ორი წლის შემდეგ მისი უმცროსი და, ელენიც (ზედმეტსახელად პუპეტი) იმავე სასწავლებელში შეიყვანეს. მცირე ასაკიდან სიმონა უკვე გამოირჩეოდა თავისი ინტელექტუალური უნარით და ყოველ წელს, თავის კლასელთან, ელიზაბეტ ლაკოენთან, იგივე ზაზასთან ერთად იმარჯვებდა სასწავლებელში გამართულ კონკურსებში. მალე სიმონა და ზაზა საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სიმონას ბაბუა (დედის მხრიდან), ბანკის პრეზიდენტი, გუსტავ ბრასერი გაბანკროტდა, რაც ფინანსურად მთელ ოჯახზე აისახა. სიმონას მშობლები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ რასპაის ბულვარში მდებარე ბინა და მეზობლად, მეექვსე სართულზე მდებარე ბნელ და მომცრო ბინაში გადასულიყვნენ. ჟორჟ დე ბოვუარს, რომელსაც მოგვაინებით სიმონა აღწერდა როგორც "არისტოკრატიასა და ბურჟიაზიას შორის მყოფს", იმედი ჰქონდა, რომ მთელი ცხოვრება მეუღლის ქონებაზე იცხოვრებდნენ. აქედან გამომდინარე მწერლის დედა თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ ქმარს იმედები გაუცრუა. მეუღლეებს შორის ურთიერთობა თანდათან დაიძაბა.

  ბავშვობაში, სიმონა ზაფხულის არდადეგებს ატარებდა ბაბუამისის, ერნესტ დე ბოვუარის მიერ 1880 წელს დაარსებულ მეირინიაკის პარკში, სენტ-იბარში. ეს მამული ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იყიდა მისმა დიდმა ბაბუამ, ნარსის ბერტრან დე ბოვუარმა. პარკში გატარებული ბედნიერი დროისა და თავის დასთან, ელენთან ერთად სეირნობების შესახებ მოგონებები ხშირად გვხვდებადარბაისელი გოგონას მემუარებში. ბუნებასთან ამგვარი კონტაქტიდან და სოფლად ხეტიალიდან ჩამოყალიბდა მასში "განსხვავებული" ცხოვრების სურვილი.

  თხუთმეტი წლის ასაკში სიმონა დე ბოვუარს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მწერალი გამხდარიყო. მან მრავალი დიპლომი მიიღო: ლიტერატურაში, ბერძნულ და ლათინურ ენებში, ფილოსოფიასა და მათემატიკაში. აქედან ყველაზე დიდი ინტერესი ფილოსოფიის მიმართ აღმოაჩნდა და სწავლა განაგრძო პარიზის უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე. აქ გაიცნო ჟან-პოლ სარტრი, რომელსაც გენიოსს უწოდებდა. მათ შორის თითქმის მითიური კავშირი დამყარდა, რომელიც სიკვდილამდე გაგრძელდა. სიმონა იყო სარტრისთვის "აუცილებელი სიყვარული", განსხვავებით მრავალი სხვა "შემთხვევითი სიყვარულისგან", რაც ორივეს ცხოვრებაში მრავლად იყო. ამ პერიოდში სიმონა დე ბოვუარმა ფილოსოფიის მასწავლებლის ლიცენზია მიიღო.

  იმავე წელს ზაზას სიკვდილმა მძიმე ტრავმა მიაყენა. ღვთისმოშიში დედის მიერ აღზრდილმა სიმონამ თოთხმეტი წლის ასაკიდან დაკარგა რწმენა (დარბაისელი გოგონას მემუარების მიხედვით) და ამგვარად დაიწყო მისი დაშორება ოჯახისგან.

მასწავლებლობის წლები

  1929 წლიდან ბოვუარი ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი სამუშაოდ მარსელში მიიწვიეს. სარტრი კი ამ პერიოდში ჰავრში გააგზავნეს სამუშაოდ, რასაც სიმონა ძალზე მტკივნეულად განიცდიდა. ჟან-პოლმა მას ცოლობა შესთავაზა იმ მიზნით, რომ ერთ ლიცეუმში იმუშავებდნენ, მაგრამ ქალმა, მიუხედავად სარტრის მიმართ მისი გრძნობებისა, უარი განაცხადა (ეს ეპიზოდი აღწერილია ასაკის ძალაში). მომავალ წელს სიმონა რუანში გადადის სამუშაოდ და ამგვარად შედარებით უახლოვდება სარტრს. აქ იგი გაიცნობს კოლეტა ოდრის, რომელიც იმავე ლიცეუმში ასწავლიდა. სიმონა დაუახლოვდა რამდენიმე თავის მოსწავლეს, მათ შორის ოლგა კოზაკიევიჩსა და ბიანკა ლამბლენს, რომელთანაც ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. იგი ასევე დაუახლოვდა ოლგას მომავალ მეუღლესა და სარტრის მოსწავლეს, ჟაკ-ლორან ბოსტს, რომელიც მისი ერთ-ერთი "შემთხვევითი სიყვარული" აღმოჩნდა. ამავე პერიოდში ოლგა სარტრის საყვარელი გახდა. საერთო ჯამში სარტრსა და სიმონას შორის არსებული "შეთანხმება" არ ზღუდავდა მათ "შემთხვევითი" ურთიერთობებისგან. მეგობართა ეს წრე, რომელსაც ხშირად "პატარა ოჯახს" ეძახდნენ, ცალკეული კონფლიქტების მიუხედავად, მყარი მეგობრობით გამოირჩეოდა, რაც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს.

  მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სარტრისა და ბოვუარის წყვილი პარიზში გადავიდა. ბოვუარის პირველი რომანისსპირიტუალურის პირველობის გამოცემაზე უარი განაცხადა გალიმარმა და გრასემ. 1943 წელს გამოიცა სტუმარი, სადაც ავტორი წარმოსახულ პერსონაჟებს მიღმა მისი, სარტრისა და ოლგას ურთიერთობას აღწერს, თან განავითარებს ფილოსოფიურ შეხედულებას ცნობიერებებსა და სიახლოვის შესაძლებლობებს შორის ბრძოლის შესახებ. ნაწარმოებს დიდი წარმატება ხვდა წილად.

ანგაჟირებული მწერალი

  ბოვუარმა ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, სადაც გაიცნო ფიდელ კასტროჩე გევარამაო ძედუნი და სხვა ცნობილი კომუნისტი მოღვაწეები. აშშ-ში მას რომანი ჰქონდა ამერიკელ მწერალთან, ნელსონ ალგრენთან, რომელსაც 300-ზე მეტი წერილი მიწერა.

  სარტრთანრეიმონ არონთანმიშელ ლეირისთანმორის მერლო-პონტისთანბორის ვიანთან და კიდევ რამდენიმე მემარცხენე ინტელექტუალთან ერთად ბოვუარმა დააარსა გაზეთი Les temps modernes, რომლის მიზანი იყო თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით გაევრცელებინა ეგზისტენციალიზმის თეორია.

  1949 წელს სიმონა დე ბოვუარს დიდი წარმატება მოუტანა მეორე სქესის გამოქვეყნებამ. წიგნი 22 000 ეგზემპლარად გაიყიდა პირველივე კვირაში. ნაწარმოები იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ ვატიკანმა გაკიცხა კიდეც. თანამეროვე საზოგადოებაში ქალის დაჩაგრული მდგომარეობის აღწერით ბოვუარი გახდა ფემინიზმის მთავარი ფიგურა. ქალის მდგომარეობის მისეულმა ანალიზმა, რომელიც მითების, ცივილიზაციების, რელიგიების, ანატომიისა თუ ტრადიციების საფუძველზე კეთდებოდა, ბევრში აღშფოთება გამოიწვია. ყველაზე დიდი სკანდალი მოყვა დედობისა და აბორტის შესახებ მისეულ მსჯელობას. ქორწინება კი ბოვუარს მიაჩნდა საზიზღარ ბურჟუაზიულ ინსტიტუტად, რომელიც ქალს ქმრის დომინაციის ქვეშ აყენებს.

  1954 წელს მან გონკურის პრემია მიიღო მანდარინებისთვის, სადაც მსოფიო ომის შემდგომი პერიოდის ფონზე, წარმოსახული პერსონაჟების მიღმა ავტორისა და ნელსონ ალგრენის ურთიერთობაა წარმოდგენილი. ალგენი ვრ ურიგდებდა ბოვუარის ურთიერთობას სარტრთან, ქალს კი არ სურდა ამ ურთიერთობის გაწყვეტა, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

  1964 წელს ბოვუარმა გამოაქვეყნა ტკბილი სიკვდილი, სადაც დედამისის გარდაცვალებას აღწერს. სარტრის აზრით ეს მისი საუკეთესო ნამუშევარია. ავტორი ეხება ისეთ თემებს, როგორცაა ევთანაზია და ა.შ. ამ ტრაგიკულ წუთებში მას მხარში ედგა ახალგაზრდა სტუდენტი და ფილოსოფოსი, სილვია ლე ბონი. ბუდნოვანია თუ რა ურთერთობა აკავშირებდა ამ ორ ქალს: დედა-შვილური, მეგობრული თუ სასიყვარულო. საბოლოოდ სილვია მისი შვილობილი და მთელი მისი ლიტერატურული და მატერიალური ქონების მემკვიდრე გახდა.

ბოვუარმა დიდი როლი ითამაშა ქალებისთის აბორტის უფლების აღიარებაში. მასვე ეკუთვნის 343-ის მანიფესტი.

  1980 წელს სარტრის გარდაცვალების შემდეგ მან გამოაქვეყნა დამშვიდობებათა ცერემონია სადაც დეტალურად აღწერა თავის კომპანიონის უკანასკნელი ორი წელიწადი.

  სიმონა დე ბოვუარი გარდაიცვალა 1986 წელს, პარიზში. დაკრძალვა ისეთივე გრანდიოზული იყო, როგორც სარტრის, განსაკუთრებული პატივი მიაგეს მთელი მსოფლიოს ქალებმა. იგი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში, ჟან-პოლ სარტრის გვერდით. დაკრძალვისას სიმონა დე ბოვუარს თითზე ნელსონ ალგრენის ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა.

ნაწარმოებები

  • L'Invitée, 1943
  • Pyrrhus et Cineas, 1944
  • Le Sang des autres, 1945
  • Les Bouches inutiles, 1945
  • Pour une morale de l'ambiguïté, 1947
  • L'Amérique au jour le jour, 1948
  • Le Deuxième Sexe, 1949
  • Les Mandarins, 1954
  • Privilèges, 1955
  • La Longue Marche, 1957
  • Mémoires d'une jeune fille rangée, 1958
  • La Force de l'âge, 1960
  • La Force des choses, 1963
  • Une mort très douce, 1964
  • Les Belles Images, 1966
  • La Femme rompue, 1968
  • La Vieillesse, 1970
  • Tout compte fait, 1974
  • Quand prime le spirituel, 1979
  • La Cérémonie de adieux, 1981

გარდაცვალების შემდგომი გამოცემები

ბოვუარის ნაწარმოებთა უმეტესობა თარგმნა და გამოაქვეყნა მისმა შვილობილმა, სილვია ლე ბონმა. მანვე გამოაქვეყნა მწერლის წერილები სარტრთან, ბოსტსა და ალგრენთან, სადაც ფარდა ეხდება ბოვუარის ინტიმურ ცხოვრებას და მის ბისექსუალობას.

  • წერილები სარტრს, ტომი I : 1930-1939, 1990
  • წერილები სარტრს, ტომი II : 1940-1963, 1990
  • ომის დღიური, სექტემბერი 1939 - იანვარი 1941, 1990
  • წერილები ნელსონ ალგრენს, 1997
  • ჟაკ-ლორან ბოსტთან მიმოწერა, 2004
  • ახლგაზრდობის ჩანაწერები, 1926-1930, 2008

 

 

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html