ჯაყოს ხიზნები (1925)

ჯაყოს ხიზნები (1925)

   „ჯაყოს ხიზნები“ — მიხეილ ჯავახიშვილის რომანი; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "მნათობში" (1924 წ. № 7–8 და 1925 წ. № 1). იგი მწერლის სიცოცხლეშივე ცალკე წიგნად ორჯერ გამოიცა: 1925 წ. და 1926 წელს. რომანი დაბეჭდილია თხზულბათა კრებულის მესამე ტომში (1934 წ.) 1957 წელს კი ეს რომანი სახელმწიფო გამომცემლობამ ცალკე წიგნად გამოსცა. [1] რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა[2], XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. ეს რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული.

„ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული — ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული თავადი თეიმურაზ ხევისთავი და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. ავტორი ერთმანეთს უპირისპირებს ტლანქ, გაუნათლებელ, უზნეო ჯაყოსა და მის მსხვერპლ თავად თეიმურაზს - სუსტი ნებისყოფის, განათლებულ ინტელიგენტს, რომელსაც მისი მოურავი (ჯაყო) ცხვირწინ გამოაცლის საკუთარ ქონებას, მის მშვენიერ და საყვარელ ცოლს მარგოს და ბოლოს, სულიერ სიმშვიდესაც კი. თეიმურაზის თვალში მკითხველი აკვირდება ძველი არისტოკრატიული ფენის დაცემას, იმედგაცრუებასა და დემორალიზაციას, რომელიც ხანმოკლე დამოუკიდებელი საქართველოს დაცემას მოჰყვა შედეგად. რომანში ჯავახიშვილმა განათლებულ უმოქმედებას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.

ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ 1979 წელს ამავე სახელწოდების სატელევიზიო დადგმა გადაიღო, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი დადგა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html