ასტროლაბი

ასტროლაბი

 ასტროლაბი (გვიანდ. ლათ. astrolabium <aster - ვარსკვლავი და ბერძნ. labe - დაჭერა) — უძველესი ასტრონომიული და გეოდეზიური ხელსაწყო. გამოიგონა ჰიპარქემ ძვ. წ. II საუკუნის დასასრულს. თავდაპირველად ასტროლაბი წარმოადგენდა ვერტიკალურ ჩამოსაკიდ ბრინჯაოს წრეს, რომლითაც ჰორიზონტზე ვარსკვლავთა სიმაღლეს საზღვრავდნენ, შემდეგ ასტროლაბს დაუმატეს ლიმბი - ჰორიზონტალური წრე გრადუსული დანაყოფებიანი და წყვილდიოპტრიანი უძრავი და მოძრავი ალიდადა, ხოლო XVII საუკუნის დასასრულს - ჭოგრი.

ასტროლაბი თანამედროვე კუთხსაზომი ხელსაწყოს - თეოდოლიტის წინამორბედია. საზღვაოსნო პრაქტიკაში ასტროლაბი შეცვალა სექსტანტმა. პრიზმულ ასტროლაბს დღესაც იყენებენ. მას აქვს ჰორიზონტულად დაყენებული ჭოგრი, ჭოგრის ობიექტივის წინ - ორწახნაგა პრიზმა და ვერცხლისწყლიანი ხელოვნური ჰორიზონტი.

პრიზმული ასტროლაბით განისაზღვრება ადგილობრივი დრო და განედი.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დაცულის ვახტანგ VI-ის დროინდელი ასტროლაბი.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html